logo
ENG



ასოცირების საბჭო: EU-მ შეშფოთება გამოხატა რამდენიმე მიმართულებით პროგრესის ნაკლებობაზე

07 სექ 202214:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/07/9jnnqjyxdrcjky8.jpg

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

ასოცირების საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით".

ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით.

"ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ მთელი რიგი რთული რეფორმების გატარებას და ბევრ დარგში საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან წარმატებულ დაახლოებას. თუმცა, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს კიდევ უფრო გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, მათ შორის გენედერული თანასწორობა და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა მამაკაცებსა და ქალებისადმი, ასევე უმცირესობებს მიკუთვნილი პირების მიმართ განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენისა, რასისა, ეთნიკური თუ ეროვნული წარმოშობისა, სქესისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, შესაძლებლობისა და სხვა,  ასევე, ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ძირეული პრიორიტეტებია, რომლებიც ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლას განსაზღვრავს", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება".

"ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოს ძირეულ ვალდებულებებს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება და მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების 2021 წლის შემდგომი ამბიციური რეფორმის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიური და პარტიათშორისი კონსულტაციების პროცესზე, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად", - აღნიშნულია ასოცირების საბჭოს განცხადებაში.


close დახურვა