logo
ENG



ასოცირების საბჭო: დაასრულეთ საარჩევნო რეფორმა - შეუსაბამეთ რეკომენდაციებს

21 თებ 202419:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/21/lye2qgzf9utb67c.jpg

20 თებერვალს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბრიუსელში ასოცირების საბჭოს მე-8 შეხვედრა გაიმართა. სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი თავმჯდომარეობდა, ხოლო საქართველოს სახელით, მონაწილეობას პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე იღებდა. 

სხდომის დასრულების შემდეგ ასოცირების საბჭომ ერთობლივი დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც სხდომაზე განხილულ საკითხებზეა საუბარი. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭო მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს საქართველოს მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ მინიჭებული 9 ნაბიჯის შესრულების აუცილებლობას.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სტატუსის მინიჭებამ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა ახალ სტრატეგიულ საფეხურზე აიყვანა. 

"ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს მთავრობის მიერ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის მიღება და საქართველოს რეფორმების მიმართულებით შემდგომი პროგრესისკენ მოუწოდა. საბჭომ ხაზი გაუსვა ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებით მომზადებული რეფორმებით ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობების შესრულების მნიშვნელობას. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესი ევროკავშირისკენ დამოკიდებული იქნება მის დამსახურებაზე გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების კუთხით.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების კუთხით, ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით და 2021-2027 წწ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ეფექტიან განხორციელებას", - ნათქვამია დოკუმენტში. 

განცხადების თანახმად, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ კონსტრუქციული მრავალპარტიული თანამშრომლობა, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რამაც, შესაძლოა, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს რეფორმები. 

საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და აღნიშნა, რომ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში. 

დოკუმენტის მიხედვით, საბჭომ ხაზი გაუსვა დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას, ანტიევროპულ რიტორიკასა და მოუწოდა საქართველოს, გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ უკვე გაწეულ ძალისხმევაზეც. 

საბჭო განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე, ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებლობაზე ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. მიუთითებს მთავრობას, უზრუნველყონ ეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, განსაკუთრებით კი, სასამართლო, პროკურატურის, ანტიკორუფციული ინსტიტუტების შემთხვევაში. 

ასევე, ვკითხულობთ, რომ საქართველომ ზოგიერთ სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირისას ბევრ სექტორში დაუახლოვა. 

"ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ბაზის და მართლმსაჯულების სისტემის საერთო შესაძლებლობებისა და მოწყობის გასაუმჯობესებლად გაწეულ სამუშაოს. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის განსახორციელებლად, განსაკუთრებით, ყველა სასამართლო და პროკურატურის ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად". 

გარდა ამისა, საბჭო ხაზს უსვამს "საარჩევნო ბაზის გასაუმჯობესებლად გატარებულ რეფორმებს" და მოუწოდებს საქართველოს, დაასრულოს საარჩევნო რეფორმა მოახლოებულ არჩევნებამდე ვენეციის კომისიისა და ეუთო / ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი. 

საბჭო მიესალმება გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გაწეულ სამუშაოსაც, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე მუშაობას. აქვე აღნიშნავს, რომ აუცილებელია გამოხატვის, შეკრების და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობა და ეფექტურობა.

ყურადღებას ამახვილებენ დეოლიგარქიზაციის, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრევენციის მიმართულებით გაწეულ მუშაობაზე და ხაზს უსვამენ არსებული სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების აუცილებლობას მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით. დადებითად აფასებენ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას და მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირების მნიშვნელობას. 

"ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ძალისხმევის ფარგლებში". 

ასოცირებული საბჭო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ჩართულობას დადებითად აფასებს, თუმცა, EU-ს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან და შემზღუდავ ზომებთან დაახლოებას მოელის. 


close დახურვა