საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ღრმა სინანულს გამოთქვამს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების გამო და ყველა მხარეს დიალოგის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
"ასოცირების საბჭომ ღრმა სინანული გამოთქვა საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გაღრმავების გამო. ევროკავშირმა მოუწოდა მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გადაწყვეტისკენ და ყველა მხარეს ძალისხმევის გაძლიერებისკენ, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და გაერთიანება საერთო მიზნების იდენტიფიკაციისა და შეთანხმების ირგვლივ. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.
ასოცირების საბჭომ განმეორებით მოუწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია და გაგრძელდეს რეფორმები", - ვკითხულობთ საბჭოს განცხადებაში.
საბჭომ გაიზიარა ეუთო/ოდირის შეფასება, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებები კი დაცული იყო, თუმცა მან აღნიშნა დარღვევევის შესახებ არსებული რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობაც.
"ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის და 21 ნოემბრის არჩევნები იყოკონკურენტული და რომ ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.
ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის, ეუთო/ოდირის, მიერ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ არსებული რეკომენდაციების გათვალისწინება. ეს მიღწევადია ამბიციური და ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმისგატარებით, რათა გაძლიერდეს საარჩევნო გარემო და მეტად შესაბამისი იყოს ის დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებთან", - ვკითხულობთ განცხადებაში.
არჩევნების შესახებ კითხვებს დღეს ევროპული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ჟოზეფ ბორელიც პასუხობდა. კითხვაზე, არის თუ არა არსებული პოლიტიკური ჩიხიდან ვადამდელი არჩევნები საუკეთესო გამოსავალი, ბორელმა განაცხადა, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არ იყო.
ევროპული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ასოცირების საბჭოსგან განსხვავებით, განაცხადა, რომ ეუთო/ოდირმა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად მიიჩნია.
"ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ოდირმა ეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად მიიჩნია", - განაცხადა ბორელმა, რაზეც მას ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა.