ატოცი და უკანონო ბორდერიზაციაა ერთ-ერთი მთავარი თემაა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც უკვე ერთი საათია სახელმწიფო მინისტრს, ქეთი ციხელაშვილს უსმენენ.
ციხელაშვილი დეპუტატების კითხვებს დახურულ კარს მიღმა პასუხობს. სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. კამათი "ევროპული საქართველოს" განცხადებას მოჰყვა. კერძოდ, გიორგი კანდელაკმა მოითხოვა, რომ გაერთიანებული კომიტეტის სხდომის ნაწილი მედიის წარმომადგენლებისთვის ყოფილიყო ღია, ვინაიდან, ქეთევან ციხელაშვილი არის პარლამენტის წევრი და ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით და იმ პროცესების შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ატოცში. მმართველი გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ საკითხი არის სენსიტიური და აქედან გამომდინარე გაერთიანებული კომიტეტის სხდომა უნდა იყოს დახურული.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, მმართველი გუნდის წევრებმა საკითხი უკვე კენჭისყრაზე დააყენეს. საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაერთიანებული კომიტეტის სხდომა დახურული იქნებოდა.
რაც შეეხება საკითხებს, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ, ციხელაშვილი კანონმდებლებს მიაწვდის ინფორმაციას თუ როგორ სრულდება სამთავრობო პროგრამა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ." რაც შეეხება ოპოზიციიის ინტერესებს, კანონმდებლები ძირითადად ინტერესდებიან, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ შეწყდეს რუსული ოკუპაცია.
"როცა მიმდინარეობს საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, ჩვენი მოქალაქეების გატაცება, რა თქმა უნდა ქალბატონი ციხელაშვილი კაბინეტის წევრია, პოლიტიკური ფიგურაა და მასთან გვაქვს კითხვები, რატომ არ აქტიურობს საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ასპარეზზე," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წვერმა გიორგი კანდელაკმა.
"ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სამთავრობო პროგრამა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" საკმაოდ გარკვეულ შედეგებს იძლევა.
"განვიხილავთ, რამდენად რეაგირებს საერთაშორისო თანამეგობრობა და ა.შ. მეორე საკითხი არის, ზოგადად გრძელვადიან პროცესებში, როგორი შედეგებია. შეიძლება ამას ხმამაღლა არ ვამბობთ, მაგრამ სამთავრობო პროგრამა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" საკმაოდ გარკვეულ შედეგებს იძლევა," - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.