"ამ ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი პროცესების ასე გაგრძელება, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ამ საკითხებზე",-ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში გააკეთა. კითხვაზე, ტოვებს თუ არა ის მანდატს მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ მისი ინიციატივა პროპორციულ სისტემაზე პლებისციტის ჩატარების შესახებ არ გაიზიარა, ზოიძე კონკრეტულ პასუხს არ სცემს.
"დაპირისპირების და პოლარიზაციის პოლიტიკაში ჩემი ადგილი არ არის. ჩემმა გუნდმა არ გაიზიარა ის შეთავაზება რაც მე მქონდა და მიმაჩნდა, რომ იქნებოდა პოლიტიკური პროცესის ნორმალიზების პროცესში გადაყვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი - შევკითხვოდით ხალხს პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე. სამწუხაროა, რომ რეალურად ეს ნაბიჯი არ გადაიდგმება. მომავალში ვხედავ, რომ გარკვეული რესურსი დარჩენილი არის პროცესების ნორმალურ კალაპოტში გადაყვანის... იმედს ვიტოვებ, რომ პროცესები გადავა ნორმალურ კალაპოტში, წავა დეესკალაციისკენ",-აღნიშნავს ზოიძე.