logo
ENG



აფგან მუხთარლი: ივანიშვილმა ვერ გაბედა ჩემი საქართველოში შემოშვება

09 ოქტ 202014:36
3 წუთის საკითხავი
clock 914

"მივესალმები ივანიშვილს. მან ვერ გაბედა ჩემი საქართველოში შემოშვება", - ეს განცხადება აზერბაიჯანემა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ის საქართველოს ხელისუფლებას "მშიშარას" უწოდებს და აცხადებს, რომ მათი დანაშაულებები გამოაშკარავდება.

"ივანიშვილის მთავრობა მშიშარაა. მათ ჩემი ჩამოსვლის ეშინიათ, რადგან ეს მათივე დანაშაულებს გამოააშკარავებს. ისინი ვერ დამალავენ იმას, რაც ჩაიდინეს. ისინი, მათ მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს პასუხს გასცემენ", - წერს აფგან მუხთარლი.

მანამდე, მას ბერლინის აეროპორტში უარი უთხრეს საქართველოში გამგზავრებაზე. როგორც მუხტარლი ამბობს, საქართველოს საკონსულოსა და საქართველოს ავიახაზების წარმომადგენლებმა მას განუცხადეს, რომ "საბუთები არ ჰქონდა წესრიგში". მისი რეისი ბერლინის დროით 12:30-ზე უნდა შესრულებულიყო.

ფორმულასთან ინტერვიუში მუხთარლი ყვება, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რათა ვერ ჩამოვიდეს საქართველოში და ჩვენება არ მისცეს. იგი, ასევე აღნიშნავს, რომ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა და ამის თაობაზე სასამართლოს მიმართავს. 

"თავდაპირველად, მითხრეს, რომ ჩემი დოკუმენტები გაუმართავია. მე აზერბაიჯანული პასპორტიც მაქვს და საბუთიც მაქვს, რომ ახლა გერმანიაში  ვცხოვრობ. შევავსე დოკუმენტაცია, მერე მითხრეს, რომ მჭირდება კორონატესტი, რომელიც, ასევე გაკეთებული მქონდა რეგისტრაციის წინ. ქართული ავიაკომპანიის წარმოამდგენელმა მითხრა რომ ვერ გავემგზავრები".

ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ფორმულასთან განმარტავს, რომ მუხთარლის კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციის გამო უთხრეს უარი. კერძოდ, ჩოფიკაშვილის თქმით, რეგულაცია 2 დღის წინ, 7 ოქტომბერს არის მიღებული, რომლის თანახმად: საქართველოს არამოქალაქე იმ შემთხვევაში შეძლებს ქვეყანაში შემოსვლას, თუ იმ ქვეყნის მუდმივი ბინადარია, საიდანაც მოდის. არფგან მუხთარლის გერმანიის დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს.

აფგან მუხთარლი 18 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რის შემდეგაც პროკურატურისთვის, მისივე გატაცების საქმეზე, ჩვენების მიცემასა და მედიასთან შეხვედრას გეგმავდა.

მოგვიანებით, მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისმა სამსახურებმა უკვე გამოკითხეს და მისი ჩვენება საქმის მასალებს დაერთო.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი 2020 წლის 17 მარტს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლა. მუხთარლის ოჯახს გერმანიაში თავშესაფარი აქვს მიღებული.

მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის იხდიდა.

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს.

ამ დრომდე საქმეზე არც ერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.


close დახურვა