logo
ENG



აფეთქებული კორპუსიდან ნივთების გამოტანის პროცესი ხვალიდან განახლდება

20 ოქტ 201914:30
3 წუთის საკითხავი
 
e7lrt3z691blnm2.jpg

დილიდან განახლდა სამუშაოები გურამიშვილის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობას სახლებიდან პირადი ნივთები გამოჰქონდა. ამ დროისთვის ეს პროცესი შეჩერებულია და სახლებში მხოლოდ მათ უშვებენ, ვისაც განსაკუთრებული საჭიროების ნივთები დარჩა.

პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს. ისინი განმარტავენ, რომ ვიდრე ეს  პროცესი მიმდინარეობს, ექსპერტები ვერ იწყებენ გაწმენდით სამუშაოებს. ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობის მხრიდან მცირედი უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა მათ მიიღეს დაპირება მერიის წარმომადგენლებისგან, რომ შეუშვებენ მხოლოდ  მათ ვისაც პირველადი საჭიროების ნივთები უნდათ. ხოლო სრული მასშტაბით ეს პროცესი უკვე ხვალიდან განახლდება.

ამ დროისთვის საკუთარი ნივთების გამოტანა 20-მდე ოჯახმა მოახერხა. ისინი ამბობენ, რომ მათი ბინები დაზიანებულია, ჩამოშლილია კედლები, იატაკი, დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკაც. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას მუნიციპალიტეტისგან ელოდება.

როდის შეძლებენ ადგილობრივები საკუთარ ბინებში დაბრუნებას, ამაზე მერიას ჯერჯერობით პასუხი არ აქვს. პირველადი დასკვნით, ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობას მოუწევს სასტუმროებში და დროებით თავშესაფრებში ცხოვრება და მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაირკვევა ბინებში შესახლების საკითხი.

გურამიშვილის ქუჩაზე აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის დაგროვება გახდა, რაც დაზიანებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია. ბინიდან გამოსახლებულია 77 ოჯახი. აფეთქების შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა. გამგეობის მონაცემებით, სამ სასტუმროში 208 ადამიანია განაწილებული.


close დახურვა