ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი პოლიციასთან და საკრებულოს უმრავლესობასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის გადადგომას მოითხოვენ.
კარავი ერეკლე კუხიანიძის ოთახში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა „გაბედეს“ აქტივისტებთან ერთად გაშალა. მათ ერეკლე კუხიანიძის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვეს.
ლევან ხაბეიშვილი კუხიანიძის კაბინეტის დატოვებას მის გადადგომამდე არ აპირებდა, თუმცა პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. ფიზიკური დაპირისპირების დროს ხაბეიშვილს ხელი დაუზიანდა. მას საკრებულოში შესასვლელი ყველა კარი ჩაუკეტეს.
პარალელურად ერეკლე კუხიანიძის კაბინეტთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ მედიის წარმომადგენლებსაც. პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა, რომ ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაეყვანა. ბრძანებებს თბილისის მერიის დაცვის სამსახურის უფროსი გასცემდა.
საკრებულოში დაპირისპირებების სერია რამდენიმე საათი გაგრძელდა. პოლიციამ გაბედეს 4 აქტივისტი დააკავა, ყველა ხულიგნობის მუხლით. ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრა მის კაბინეტთან მოითხოვა, მათ ბექა დავითულიანი არაერთხელ დაუპირისპირდა. საბოლოოდ შეხვედრა შედგა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.
რამდენიმესაათიანი ფიქრის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა გამოსავალი იპოვა და საკრებულოში კიბის დახმარებით შესვლა სცადა. ოპოზიციამ შემაჯამებელ ბრიფინგზე საკრებულოსთან აქციაა დაანონსა.
მოგვიანებით ოპოზიციის აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ, რასაც მორიგი დაპირისპირება მოჰყვა.
ამ დროისთვის საკრებულოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ რჩებიან აქტივისტები და ოპოზიციის წევრები. მათი მოთხოვნა უცვლელია, შეუჩერდეს უფლებამოსილება ერეკლე კუხიანიძეს. უმრავლესობა ამტკიცებს, რომ კუხიანიძის განცხადებებს ემიჯნება. უცნობია, როდის გაიმართება უმრავლესობის სხდომა, „ქართული ოცნება“ ამ ინფორმაციას ოპოზიციის პროტესტის ასაცილებლად მალავს.