logo
ENG



აქტივისტები ჯარიმების გამკაცრებაზე: გამაოგნებელია პარლამენტში შესული ოპოზიციის დუმილი

28 აპრ 202122:28
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/28/zv7m4dgwrdg3ph0.jpg

სამოქალაქო აქტივისტები განცხადებას ავრცელებენ და იმ კანონპროექტს ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი პირის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქტივისტებისთვის  „გამაოგნებელია კრიზისის დაძლევის და პოლარიზაციის დასრულების მოტივით პარლამენტში შესული ოპოზიციის სრული დუმილი“.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ პროტესტი არ გამოხატა ადამიანის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესახებ.

"დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით კიდევ უფრო გაამკაცრა სანქციები სიტყვისა და გამოხატვის უფლების რეალიზებისთვის. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, დღემდე ასობით სამოქალაქო აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი შაბლონური მუხლით - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გასამართლდა. სამოქალაქო აქტივისტების დიდ ნაწილს ათობით ათასი ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული, ბევრ მათგანს ყადაღა აქვს დადებული, ბევრი ჩვენგანი არაერთხელ იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული.

ჩვენთვის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული მექანიზმის გაძლიერება გასაკვირი არ არის, თუმცა გამაოგნებელია კრიზისის დაძლევის და პოლარიზაციის დასრულების მოტივით პარლამენტში შესული ოპოზიციის სრული დუმილი. 

აღმაშფოთებელია იმ პოლიტიკოსების დუმილი, რომელთა გვერდითაც თითოეული ჩვენგანი 2 წლის განმავლობაში იბრძოდა. ჩვენ არ მოგვისმენია მათი არც ერთი კრიტიკული განცხადება. ამ ნაბიჯით პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ არა მხოლოდ უარი თქვა ჩვენი, სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვაზე, არამედ პროტესტი არ გამოხატა ადამიანის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების - სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების უფლების კიდევ უფრო შეზღუდვის შესახებ, რაც საპარლამენტო ოპიზიციის მხრიდან კიდევ უფრო გამაოგნებელი ნაბიჯია",- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: მოძრაობა ''შეცვალე'', ''დემოკრატიული მომავლისთვის'', ''მოძრაობა საქართველოსთვის'', ''ალტერნატივა'', სამოქალაქო აქტივისტი-შუშანა მაცაბერიძე, სამოქალაქო აქტივისტი-თამთა გოგოლაძე.

26 აპრილს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტები, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობასა და სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ხელმეორედ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

ახალი რედაქციით ყალიბდება ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

მეორე კანონპროექტით დაგეგმილია ცვლილებების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლში. კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების ვადა 48 საათამდე იზრდება.

პარლამენტი ორივე კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

 


close დახურვა