logo
ENG



აქტივისტების ცნობით, თელავში საპროტესტო კარავს ისევ მანქანა დაეჯახა

05 იან 202122:13
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/05/dxsajpbh62qcuae.png

სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ხუსკივაძე ამბობს, რომ თელავის თეატრის წინ არჩევნების გაყალბების პროტესტის ნიშნად გაშლილ საპროტესტო კარავს, უკვე მეორედ, მანქანა დაეჯახა. 

პირველად კარავს ავტომობილი ახალ წელს, 1 იანვრის დილას დაეჯახა. 

"რეჟიმმა ომი გამოგვიცხადა. თელავის კარავს ვიღაც ქოცი მანქანით დაეჯახა. საბედნიეროდ ჩვენი მეგობრები კარგად არიან", - დაწერა მაშინ ხუსკივაძემ. 

მეორედ კი, მსგავსი შემთხვევა დღეს, 5 იანვარს განმეორდა. თავად ხუსკივაძე აცხადებს, რომ კარავი ავტომანქანის სავალი ნაწილიდან 30-40 მეტრის დაშორებით მდებარეობს. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვს. 

თელავის თეატრის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი 6 დეკემბერს გაშალეს. 

"არჩევნების გაყალბება ისჯება კანონით", "საქართველო ოკუპირებულია რუსი ოლიგარქის მიერ" - სწორედ ეს წარწერებია მიმაგრებული კარავზე, რომლის მთავარი მიზანიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროტესტია. 

საპროტესტო კარვები ანალოგიური მოთხოვნებით გაშლილია ბათუმის მთავრობის სახლთან და თბილისში, პარლამენტის შენობასთან. 


close დახურვა