აქტივისტებს, რომლებიც ოცნების პროპაგანდისტულ ბანერებს ხსნიდნენ, რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს.
სამოქალაქო აქტივისტები იხსენებენ, რომ თავდამსხმელები აგრესიული ტონით გამოირჩეოდნენ და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, მათ შორის, პოლიციის თვალწინაც.
"ჩემს მეგობრებთან ერთად ვცდილობდი ამ პროპაგანდისტული ბანერების ჩამოხსნას, ვინაიდან დეზინფორმაციას ავრცელებდნენ საზოგადოებაში. ამ დროს მოვიდა ერთი ახალგაზრდა ჩვენთან, დაიწყო აგრესიული ქმედება ჩვენ მიმართ და განსაკუთრებით ჩემს მიმართ, ფიზიკურადაც არაერთხელ შემეხო და ასევე, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. რამდენჯერმე უკან შემობრუნდა და დაგვიწყო აგრესიული საუბარი პოლიციის თვალწინაც და ამის შემდეგ, პოლიციელებმა წამოგვიყვანეს განყოფილებაში", - ამბობს აქტივისტი ნინო ლიპარტელიანი.
მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
"მოვარდნენ დაგეგმილი პროვოკატორები და ვფიქრობ, რომ საერთოდ მათ გააკრეს ის ბანერები, ისეთი გამწარებით იცავდნენ. თაროზე არ შემოვდებთ ამ საქმეს და მსგავსი ადამიანები, ვინც ქალაქის იერსახის დამახინჯების მომხრეები არიან და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოდიან, იმედია, მიიღებენ საკადრის პასუხს", - ამბობს კიდევ ერთი აქტივისტი, სანდრო ქინქლაძე.
მათივე თქმით, სამართალდამცავებს თავდამსხმელები განყოფილებაში არ გადაუყვანიათ.