მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" წევრი ატოციდან სასწრაფო დახმარების მანქანით თბილისში გადმოიყვანეს. ლაშა ჭიღლაძე ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს, მას ფილტვების ანთება აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წევრებს ოკუპირებულ სოფლებში აღარ უშვებენ, ჭიღლაძე ატოცში მარტო იმყოფებოდა და პატრულირებას აგრძელებდა. როგორც მოძრაობის წევრები „ფორმულასთან" ყვებიან, სახლში, სადაც აქტივისტი ცხოვრობდა, საქართველოს პოლიციამ ელექტროენერგია ჩაჭრა, რის გამოც მოძრაობის წარმომადგენელი ავად გახდა.
„ატოცში, სადაც უამრავი პრობლემაა და ეს პრობლემები პირველ რიგში უკავშირდება რუს ოკუპანტებს, პოლიციას რატომღაც სცალია იმისთვის, რომ ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებს ებრძოლოს და ეს ბრძოლაა რასაც ისინი აკეთებენ, აშკარად გამოხატული. ჩვენ 11 თვეა იქ ვცხოვრობთ, იმ სახლში სადაც დენი ჩაუჭრეს ჩვენს ერთადერთ წევრს, რომელიც იყო დარჩენილი სახლში შედეგი სახეზეა ფილტვების ანთებით მოვათავსეთ ჩვენი მეგობარი ლაშა ჭიღლაძე“,-განაცხადა ლაშა ბერულავამ.
რაც შეეხება იქ არსებულ ვითარებას, დავით ქაცარავას თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროვოკაციები მზადდება.
„ღამის განმავლობაში წნელისიდან წაღვლის მიმართულებით იმ ტყის ნაწილის მიმართულებით, რომელიც უკვე ოკუპირებულია, გადაადგილდება აქტიურად რუსული ტექნიკა, დღის განმვალობაში არანაირი მოძრაობა არ შეინიშნება, მხოლოდ და მხოლოდ ღამე გამოდიან, რაც გვაძლევს საშუალებას რომ ვიფიქროთ, რომ საკმაოდ რაღაც გარკვეული და საკმაოდ ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მზადდება რუსების მხრიდან სავარაუდოდ“,-განაცხადა დავით ქაცარავამ.