logo
ENG



აქტივისტი ვიტალი გუგუჩია ბრალდების წარსადგენად დაიბარეს

05 აგვ 202418:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/05/hg2bjkbxxkd81dn.jpg
ფოტო: გირჩი - მეტი თავისუფლება

აქტივისტი ვიტალი გუგუჩია, რომლის მაღაზიიდანაც დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს ფორთოხალი ესროლა, საგამოძიებო უწყებაში ბრალდების წარსადგენად დაიბარეს.

კერძოდ, საუბარია 31 მაისს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია POSTV-ის გადამღები ჯგუფი გუგუჩიას სახლში მივიდა და აქტივისტსა და მის ცოლს პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდა. აღნიშნულს დაპირისპირება მოჰყვა.

თავდასხმის შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გუგუჩიას ცოლმა, დედამ და ერთ-ერთმა ბავშვმაც.

დღეს გუგუჩიას ცოლმა მირანდა ჯობავამ Facebook-ზე დაწერა, რომ აქტივისტს ორი მუხლით უყენებენ ბრალს - ძალადობა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა.

"კაცს, რომელსაც ცხოვრებაში, ერთი გადაცდომა არ აქვს ჩადენილი, კაცს, რომელსაც უსამართლო ცხოვრებაში არაფერი არათუ გაუკეთებია, არც უფიქრია, დაჭერას უპირებენ?!?! ქოცებო, როგორ ბედავთ, როგორ? არ მესმის! 12 წლის წინ რომ შეხებაც არ ჰქონია, ისეთი 3 კაცის დაჭერას აბრალებენ თან ზეპირად, ამოიღეთ მაგ წყეული არქივიდან საქმეები და გადაამოწმეთ!!!! ესენი ვინ არიან მართლა?!"- წერს ჯობავა.

ვიტალი გუგუჩია ფორმულასთან საუბრისას მის დაკავებას არ გამორიცხავს და ამბობს,რომ ყველაფერია მოსალოდნელი.

"დამიკავშირდა გამომძიებელი, მითხრა, რომ ორი მუხლით უნდა წამიყენონ ბრალი. ეს არის ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლა და ძალადობის მუხლოთ. ყველგან კარგად ჩანს,რომ არათუ რამეს ვაიძულებდი ამ ადამიანს, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობასაც არ ეწეოდა დაა ამისთვის არ ჩამოსულა 400 კილომეტრით თბილისიდან. მარტო ვიტია ჯაფარიძის დავალებაა თუ არა ეს ამას ვერ გეტყვით. ვიქტორ ჯაფარიძის ტელევიზიაა ეს, ვინც მოუშვეს. ჯაფარიძესთან ჩემი დიალოგი გახდა იმის, რომ გააღიზიანა მთელი ოცნება. [დაპატიმრების მოლოდინი] რა თქმა უნდა მაქვს, ყველაფერია მოსალოდნელი"- ამბობს გუგუჩია.

გუგუჩია არის იმ მაღაზიის მეპატრონე, საიდანაც ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც მას კანონის მიღების გამო ქუჩაში შეძახილებით დახვდა. რის შემდეგაც იგი მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად დაბრუნდა, სადაც უთხრეს რომ "ფორთოხალი პრობლემა არ იყო, რადგან მან შვილებს მომავალი წაართვა".


close დახურვა