logo
ENG



აქუბარდია: რაც ოცნების კაცუნა ბერაიამ იკადრა ჩემ წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია

31 ოქტ 202315:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/31/ie744ztvyy8ia6o.jpg

თეონა აქუბარდია ქართული ოცნების წევრის, ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ გამოსვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ რაც დეპუტატმა მის მიმართ იკადრა, ამას "პატარა კაცობაც" აღარ ჰქვია. აქუბარდიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას "სუს-ის მეთოდები" არ გააჩუმებს.

"ის, რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემ წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუს-ის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია ოცნებას წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან. ამას ალბათ გაგრძელებაც მოჰყვება, მაგრამ სუს და ოცნებას ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ", - დაწერა აქუბარდიამ.

პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძი" უწოდა.

რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება".

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.


close დახურვა