logo
ENG



აქუბარდია: უხერხულია, როცა პარლამენტი გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას არ განიხილავს

24 ნოე 202316:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/24/rh0ce3w94v8mxer.jpg

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უხერხულია, როდესაც საქართველოს პარლამენტი თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს არ განიხილავს, როდესაც ამ საკითხზე ევროპარლამენტმა უკვე მიიღო რეზოლუცია.

აქუბარდიამ კომიტეტის სხდომაზე მოითხოვა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ჩაესვათ, ვინაიდან, მისივე თქმით, პარლამენტის ბიურომ რეზოლუციის ეს პროექტი სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადასცა.

"ეს რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა ისე, რომ საქართველოს პარლამენტს სამწუხაროდ არაფერი მოქმედება არ ჩაუტარებია. თქვენ იცით, რომ ბიუროს თანახმად, ამ რეზოლუციის პროექტის განხილვა დაევალა ადამიანის უფლებათა კომიტეტს, რეზოლუცია დავაინიცირეთ ოპოზიციამ, რომელიც ითხოვდა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის გაფართოებას, ისევე როგორც შეფასებას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ჩვენი მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით.

რამდენადაც ბიუროდან ეს საკითხი ამ კომიტეტზეა დაწერილი და დღის წესრიგში არ არის, მოგმართავთ თხოვნით, რომ დღის წესრიგში მოხვდეს აღნიშნული საკითხი. ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხულია, როდესაც საქართველოს პარლამენტი უარს ამბობს ამ საკითხის განსახილველად, ამ შემთხვევაში, თქვენი პოლიტიკური გუნდი და ვფიქრობ, რომ მიუხედავად პოლიტიკური პოლარიზაციისა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, ჩვენ გვევალება თანხმობა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვაზე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ინტერესის დაცვაზე.

შესაბამისად, გთხოვდით, რომ ჩავსვათ ეს საკითხი დღის წესრიგში ან თუ არ ხდება ამ საკითხის განხილვა, იქნებ განგვიმარტოთ, რატომ არის პრობლემა რეზოლუციის პროექტის განხილვის, რომელიც არ ითხოვს მეორე ფრონტის გახსნას, არამედ ითხოვს თამაზ გინტურის, ჩვენი მოქალაქის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მკვლელების დასჯას, მით უფრო, იმ ფორმით, როდესაც მთავრობის დადგენილებით არსებობს სია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დამნაშავეების და მხოლოდ და მხოლოდ სიის გაფართოებაზე პარლამენტმა რომ მოუწოდოს მთავრობას, ისევე როგორც მოუწოდეს იმ წინა რეზოლუციების შესრულება. [...] როდესაც უფლებებზე ვსაუბრობთ, კარგი იქნება, თუ ნახავთ არსებულ ვითარებას საოკუპაციო ხაზთან, მოსახლეობას, რომელსაც აქვს შიში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან და არცერთი განცხადება არ გაკეთებულა მთავრობის მხრიდან, რომ ისინი უზრუნველყოფენ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას", - თქვა აქუბარდიამ კომიტეტის სხდომაზე.

თეონა აქუბარდიას კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა და უარი თქვა საკითხის დღის წესრიგში დაყენებაზე, პროცედურის მიზეზით. სარჯველაძის თქმით, განცხადება, რომ თითქოს ვინმე რეზოლუციის პროექტის განხილვაზე უარს ამბობს "მანიპულაციურია".

"მომისმინეთ, გთხოვთ, რომ წესრიგს ნუ დავარღვევთ, ეს ერთი. მეორე - მინდა გთხოვოთ, რომ რაკი პროცედურაზე ვსაუბრობთ... მე მგონი, ყველასთვის გასაგებია. საკითხის დღის წესრიგზე დამატებას აქვს თავისი ფორმალური პროცედურა. არ მინდა გაწყენინოთ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ასეთი, რბილად ვიტყვი, არასწორი და ხშირ შემთხვევაში მანიპულაციური განცხადებები, როგორიც არის "უარს ამბობს განხილვაზე ვინმე", მეორე "პრობლემა რატომა არის განხილვა და ა.შ", მე მგონია, რომ ამის თქმის არც საფუძველი გაქვთ და არც უფლება.

თქვენ იცით, რომ ეს არ არის მხოლოდ ადამიანის უფლებების კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხი არა - ფორმალურად, არამედ იცით, რომ ამაში უნდა იყოს ჩართული მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, იცით, რომ სხვა კომიტეტების კომპეტენციას ეხება ეს ყველაფერი, უბრალოდ, ფორმალურად ერთ კომიტეტს ეწერება ეს. იცით, რომ ამას სჭირდება კონსულტაციები, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან, ევროინტეგრაციის კომიტეტთან, თავდაცვის კომიტეტთან... თქვენ, სამწუხაროდ, როდესაც ამას აინიცირებდით, არ გქონიათ არც სურვილი, არც გადაწყვეტილება, რომ ვინმესთან წინასწარი კონსულტაციები გაგემართათ, რაც კარგი იქნებოდა, მერწმუნეთ. ამიტომ ახლა, როდესაც თქვენ არ შეიწუხეთ თავი ვინმესთან ამაზე გესაუბრათ და ისე დააინიცირეთ და ახლა ვინმეს საყვედურს ეუბნებით, მე მგონია, რომ ამის საფუძველი გაქვთ, არც უფლება", - თქვა სარჯველაძემ.

ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 495-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 552-მა დეპუტატმა მიიღო.

"საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში", - ამ სახელწოდებით რეზოლუციის ავტორი ევროპარლამენტის რამდენიმე ჯგუფია, ინიციატორი კი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.

***

თამაზ გინტური 6 ნოემბერს სოფელ კირბალში რუსმა ჯარისკაცმა მოკლა. შემთხვევის დროს მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს, რამდენიმე დღეში კი ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს.

დოთიაშვილი იხსენებს, რომ ლომისის ტაძარში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ. თავდაპირველად რუსმა ჯარისკაცმა გამაფრთხილებელი ტყვია გაისროლა, რის შემდეგაც, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი მას გაესაუბრნენ, შემდეგ ტერიტორია დატოვეს. მანქანაში ჩასხდომიდან რამდენიმე წუთში რუსმა ჯარისკაცმა გამიზნული სროლა დაიწყო. დოთიაშვილი ამბობს, მანქანიდან დაჭრილი თამაზ გინტურის გადმოყვანის შემდეგ მან სასწრაფოში დარეკა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, ადგილზე კიდევ 7 რუსი ჯარისკაცი გამოჩნდა, რომლებიდანაც ერთ-ერთმა მას დაარტყა, მიწაზე დააწვინა და ბორკილები დაადო.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს. ცხინვალში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდო მკვლელები არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.


close დახურვა