logo
ENG



აშშ-დან უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა

22 იან 202214:53
3 წუთის საკითხავი
clock 1160

22 იანვარს აშშ-დან უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა. 

შემოწირულობა მოიცავს დაახლოებით 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით. დახმარების ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია. 

აშშ-ის საელჩო უკრაინაში აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ამ მოცულობის სამხედრო დახმარების გამოგზავნა მიუთითებს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაზე უკრაინის თავდაცვის სუვერენული უფლების მიმართ. 

"ჯო ბაიდენის მიერ გამოცემული ავტორიზაციის შესაბამისად, აშშ-მ უკრაინას ბოლო 2 წელიწადში 650$-ის ღირებულების უსაფრთხოების მხარდაჭერა გაუწია, 2014 წლის შემდეგ კი ჯამში - 2,7 მილიარდის ღირებულების. 

შეერთებული შტატები გააგრძელებს ამგვარი დახმარების გაწევას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მათ მუდმივ ძალისხმევაში, რუსეთის აგრესიისგან დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. 

როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა უთხრა პრეზიდენტ პუტინს, თუ რუსეთი შემდგომში შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატები უკრაინას კიდევ მიაწვდის თავდაცვით მასალას". - ნათქვამია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

***

უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით. 

თავის მხრივ რუსეთმა კვლავ თავისი მოთხოვნები დააყენა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სერიოზულად განიხილება ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება. 

ამასთან, ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს. 

ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია. 

გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.


close დახურვა