logo
ENG



აშშ-ის დელეგაცია პაკისტანში დღეს ჩავა, თეირანი მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

20 აპრ 202611:56
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/20/4rpao0hjdd11pxy.png

შეერთებული შტატების ცენტრალური სამეთაუროს განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა არაბეთის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ცეცხლი გაუხსნეს ირანულ სატვირთო გემს, რომელმაც ბლოკადის გარღვევა სცადა. მათი თქმით, ირანის დროშით მცურავი "ტოუსკა" გაფრთხილებას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუხსნეს. მოგვიანებით საზღვაო ქვეითები  ვერტმფრენიდან  ბორტზე დაეშვნენ და გემი დააკავეს. 

"ირანელმა ეკიპაჟმა უარი თქვა გაფრთხილების შესრულებაზე, ამიტომ ჩვენმა გემმა ის შეაჩერა და ძრავის ოთახში ხვრელი დაუტოვა", - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ირანმა მომხდარი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევად შეაფასა და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა. გემის დაკავების შემდეგ ირანის  ტელევიზიამ განაცხადა, რომ ომანის ყურეში მყოფ ამერიკულ გემებზე დრონებით შეტევა განხორციელდა, თუმცა დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის დღეს პაკისტანში ჩავა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან ტრამპის მრჩევლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

ხვალისთვის ელოდებიან ისლამაბადში ირანის წარმომადგენლებსაც, თუმცა თეირანი მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, ვიდრე პორტები საზღვაო ბლოკადაშია.

ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, დაძაბულობის შესამცირებლად ყველა რაციონალური და დიპლომატიური გზის გამოყენებაა საჭირო, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება.

"ომი არავის ინტერესებში არ შედის, დაძაბულობის შესამცირებლად ყველა რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იქნას გამოყენებული", - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

 


close დახურვა