აშშ-ის თავზე ჩინური ჯაშუში-საჰაერო ბუშტის აღმოჩენის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი გააუქმა. ბლინკენი ჩინეთს 5-6 თებერვალს უნდა სწვეოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ამ დროისთვის არ არის შესაფერისი პირობები იმისთვის, რომ ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ჩინეთის პირველი მაღალი დონის შეხვედრა ჩატარებულიყო. მისივე განცხადებით, ჩინეთის ბოდიში ცნობად მიიღეს, მაგრამ ჯაშუშ ბუშტს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა უწოდა.
ხუთშაბათს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის თავზე სათვალთვალო ბუშტს ადევნებდნენ თვალს. პენტაგონის განცხადებით, საჰაერო ბუშტი "დაფრინავდა სიმაღლეზე, რომელიც ბევრად აღემატებოდა კომერციულ საჰაერო გადაზიდვებს" და "არ წარმოადგენდა სამხედრო და ფიზიკურ საფრთხეს მიწაზე მყოფი ადამიანებისთვის". ამასთან, მისმა ყოფნამ შეშფოთება გამოიწვია.
ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იყო ერთ-ერთი, რომელიც ამერიკელ სამხედროებს მოუწოდებდა, ბუშტი ჩამოეგდოთ.
პარასკევს ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათი საკუთრებაა და განაცხადა, რომ ეს სამოქალაქო საჰაერო ხომალდია, რომელიც მეტეოროლოგიური კვლევებისთვის გამოიყენებოდა და რომელმაც ცუდი ამინდის გამო მარშრუტს გადაუხვია. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი წუხან მომხდარის გამო და იმუშავებენ აშშ-სთან ამ საკითხის მოსაგვარებლად.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ-მა მიიღო ჩინეთის განცხადება ბუშტის დანიშნულებასთან დაკავშირებით, თუმცაღა კვლავ იმ აზრზე არიან, რომ ბუშტი თვალთვალისთვის გამოიყენებოდა.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, საჰაერო ბუშტმა ალასკისა და კანადის თავზე გადაიფრინა, შემდეგ კი ამერიკის შტატ მონტანაში გამოჩნდა, სადაც რამდენიმე საიდუმლო სამხედრო ობიექტია განთავსებული. პარასკევს დილით ბუშტი უკვე "ქვეყნის შუაში იყო".
ოფიციალური პირების განცხადებითვე, მიუხედავად იმისა, რომ გამანადგურებლები მზად იყო, საბოლოოდ გადაწყვიტეს არ ჩამოეგდოთ ობიექტი ნამსხვრევების დაცემის საშიშროების გამო.
თებერვლის დასაწყისში აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინური ჯაშუში-ბუშტი აღმოაჩინეს. ჩინეთმა აღიარა, რომ ობიექტი მათ ეკუთვნოდა და განაცხადა, რომ ეს სამოქალაქო საჰაერო ხომალდია, რომელიც მეტეოროლოგიური კვლევებისთვის გამოიყენებოდა და რომელმაც ცუდი ამინდის გამო მარშრუტს გადაუხვია. ბუშტის გამოჩენას დიდი უკმაყოფილება მოყვა ვაშინგტონში, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პეკინში დაგეგმილი ვიზიტიც გააუქმა.
ობიექტი პენტაგონმა რამდენიმე დღეში ჩამოაგდო.