ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საპრეზიდენტო ფიცი დადო. ბაიდენთან ერთად, ფიცი დადო აშშ-ის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმაც.
ფიცის დადების ცერემონია ტრადიციულად კაპიტოლიუმის შენობის წინ გაიმართა. ღონისძიებაზე სახელმწიფო ჰიმნი მომღერალმა ლედი გაგამ შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიცის დადების ცერემონიას არ დაესწრო.
კორონავირუსის პანდემიისა და იანვრის დასაწყისში განვითარებული მოვლენების გამო, რა დროსაც 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად არის გაძლიერებული.
მაშინ, როცა 2016 წელს, ტრამპის ინაუგურაციის დროს, პრეზიდენტის უსაფრთხოებას 8 ათასი ჯარისკაცი იცავდა, ახლა მათი რიცხვი 25 ათასამდეა გაზრდილი. ინაუგურაციის გამო, დაკეტილია მეტროსადგურები და ხიდები. ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ ავტორიზებულ მანქანებს შეუძლიათ.