აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის მთავრობისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის დამხმარე საშუალებების მიყიდვა დაამტკიცა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ პაკეტის ღირებულება დაახლოებით 105 მილიონი დოლარია.
„უკრაინის მთავრობამ მოითხოვა PATRIOT-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის მდგრადობასთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და მომსახურების შეძენა, მათ შორის M901 გამშვები მოწყობილობების M903 კონფიგურაციამდე განახლება; სხვა საჭირო მომსახურება, დამხმარე საშუალებები, სათადარიგო ნაწილები, მხარდაჭერა, წვრთნა და აღჭურვილობა; ლოჯისტიკისა და პროგრამული მხარდაჭერის სხვა დაკავშირებული ელემენტები. სავარაუდო საერთო ღირებულება 105 მილიონი აშშ დოლარია“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ შეთავაზებული გაყიდვა გააუმჯობესებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს. მათივე ცნობით, უკრაინას არ გაუჭირდება ამ აღჭურვილობისა და მომსახურების თავის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრირება.
