სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი ადასტურებს, რომ ევროკავშირში შეერთებული შტატების ელჩმა დონალდ ტრამპს უთხრა, რომ უკრაინა მის მიერ მოთხოვნილ გამოძიებას დაიწყებდა. ამის შესახებ დევიდ ჰოლმსმა კონგრესში დახურულ კარს მიღმა ჩვენების მიცემის დროს ისაუბრა.
ჰოლმსი დონალდ ტრამპისა და გორდონ სონდლენდის სატელეფონო საუბარს პირადად ისმენდა. მისი თქმით, ელჩმა პრეზიდენტს კიევის ერთ-ერთი რესტორნიდან 26 ივლისს დაურეკა. ერთი დღით ადრე კი დონალდ ტრამპი უკრაინელ კოლეგას ელაპარაკა და ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება სთხოვა.
დიპლომატის თქმითვე, პრეზიდენტს უკრაინასთან მიმართებით მხოლოდ გამოძიების საკითხი აწუხებდა.