logo
ENG



აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის იმუნიტეტის საკითხი გადაწყვიტა

02 ივლ 202408:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/02/66ghfm8e6yykag2.jpeg

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს იმუნიტეტი "ოფიციალურ ქმედებებზე", რომლებიც დაკავშირებულია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებასთან. ამასთან, რა მიიჩნევა ოფიციალურ და არაოფიციალურ ქმედებებად განსახილველად ქვედა ინსტანციის სასამართლოებს გადაეცათ.

დიდი ალბათობით, ეს გადაწყვეტილება გააჭიანურებს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს, რომელიც 2020 არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის შეთქმულებას ეხება. ასევე, გავლენას იქონიებს სხვა აღძრულ საქმეებზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპმა დემოკრატიის გამარჯვება უწოდა.

"დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის. ამაყი ვარ, რომ ამერიკელი ვარ", - დაწერა ყოფილმა პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

სასამართლომ გადაწყვეტილება 6 მოსამართლის მხარდაჭერით მიიღო, 3-მა ლიბერალმა მოსამართლემ ეს მოსაზრება არ გაიზიარა. მოსამართლე სონია სოტომაიორმა აღნიშნა, რომ დღეიდან ოფიციალური უფლებამოსილების საფარქვეშ ნებისმიერი პრეზიდენტი გააკეთებს იმას, რაც უნდა.

მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საშიში პრეცედენტი და კანონის უზენაესობის პრინციპების შელახვა უწოდა.

"ეს ქვეყანა დაარსდა პრინციპით, რომ ამერიკაში მეფეები არ არიან. კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. არავინ, არავინ არ დგას კანონზე მაღლა, არც შეერთებული შტატების პრეზიდენტი", - თქვა ბაიდენმა ორშაბათს ღამით სატელევიზიო მიმართვისას.

თებერვლის ბოლოს უზენაესი სასამართლო დაეთანხმა ტრამპის აპელაცია განეხილა გადაწყვეტილებაზე, რომ არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე მას იმუნიტეტი არ აქვს. გასული წლის ბოლოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა ეს საკითხი განეხილა, რის შემდეგაც საქმემ კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოში წავიდა. თებერვალში სასამართლომ ტრამპის სასარგებლო გადაწყვეტილება არ მიიღო, თუმცა მისმა ადვოკატებმა თქვეს, რომ უზენაეს სასამართლოს მიმართავდნენ.

სპეცპროკურორმა ჯეკ სმიტმა, რომელმაც აგვისტოში ტრამპი არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობაში დაადანაშაულა, უზენაეს სასამართლოს მიმართა, ჩარეულიყო და ტრამპის იმუნიტეტის საკითხი გადაეწყვიტა, რადგან აპელაცია შეიძლებოდა გაწელილიყო.


close დახურვა