logo
ENG



აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები ნამოხვანჰესის საკითხზე მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ

24 მაი 202119:46
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები ნამოხვანჰესის საკითხზე მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი, ნამოხვანჰესის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან და დიალოგისკენ მოუწოდებენ. 

ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ დიალოგი საუკეთესო გამოსავალია და ორივე მხარემ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს.

„მე დიალოგის გახსნისკენ მოვუწოდებ, პლატფორმის გახსნისკენ, რომ მხარეები ჩაერთონ. როცა საქმე ეხება ასეთ საკითხებს, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და სერიოზულად შეფასება. ასევე, მივესალმებით ენერგოთანამეგობრობის მდივნის ჩართვას პროცესში და ეს, ჩემი აზრით, ორივე მხრიდან პოზიტიურად იქნება განხილული. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესის ინკლუზიურობას შეუწყობს ხელს", - აცხადებს კარლ ჰარცელი.

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა იპოვოს ბალანსი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ინტერესებსა და ადგილობრივი მოსახლეობის წუხილს შორის. დეგნანი ამბობს, რომ საქართველოსთვის მნიშნელოვანია რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა.

„მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივების წუხილი გაითვალისწინოს და განიხილოს ხელისუფლებამ, ისევე, როგორც მხარეების წუხილი. ცალსახად მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება და მოსახლეობის წუხილის გახმიანების უფლება, ისევე, როგორც ხელისუფლების მიერ მათი მოსმენა და გამოსავლის პოვნა. ხელისუფლებამ უნდა დააბალანსოს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და დივერსიფიკაციის მნიშვნელობა და [მოსახლეობის] წუხილი, რომ საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიისთვის და საქართველოს მოქალაქეებმა დენში მეტი არ გადაიხადონ. ეს ბალანსი რთულია, მაგრამ გამოსავალი არის ადგილობრივი საზოგადოების წუხილის მოსმენა და ენერგოპროექტებში მათი დასაწყისიდანვე ჩართვა", - აცხადებს აშშ-ის ელჩი.

გუშინ, 23 მაისს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს. მათივე თქმით, ხელისუფლებას ვადა 24 მაისის 12:00 საათამდე ჰქონდა, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებულიყო.

პროტესტის მონაწილეებმა ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ განაცხადეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მათთან დიალოგისთვის მზაობა გამოთქვა. თუმცა ცოტა ხანში გაირკვა, რომ შეხვედრის ფორმატი მიუღებელი აღმოჩნდა.

ნამოხვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს და ჯერ იუსტიციის სახლთან, შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. საბოლოოდ ისინი კვლავ რესპუბლიკის მოედანზე დაბრუნდნენ.

აქციების ორგანზიატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ხვალ, 25 მაისს, ახალი მსვლელობები და პიკეტი მოეწყობოდა. მან კონკრეტული ლოკაციები არ დაასახელა. 

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი "რიონის მცველები" ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

close დახურვა