აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ უკრაინის ოთხ მოქალაქეს, მათ შორის უმაღლესი რადას ორ მოქმედ დეპუტატს სანქციები დაუწესა. ამის მიზეზი "უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად საქმიანობაში" ჩართვაა.
სანქციები შეეხება დეპუტატებს ოლეგ ვოლოშინსა და ტარას კოზაკს, რომელიც პრორუსი პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის მოკავშირეა. ასევე. აშშ-ს სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რადას ყოფილი დეპუტატებიც - ვლადიმირ ოლეინიკი და ვლადიმირ სივკოვიჩი.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა თავის სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, რომ გადაებირებინათ უკრაინის ყოფილი და მოქმედი სამთავრობო მაღალჩინოსნები, რათა უკრაინაში ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის კონტროლისთვის მომზადებულიყვნენ.
ტარას კოზაკი მედიაჰოლდინგ ნოვინის შემქმნელია, რომელშიც შედიან ტელეკომპანიები - 112, Zik და NewsOne. გასული წლის თებერვალში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისინი პროპაგანდაში დაადანაშაულა, რომელსაც "აგრესორი ქვეყანა" აფინანსებს. 2021 წელს ჰოლდინგის წინააღმდეგ კიევმა სანქციები გაატარა.
2021 წლის მაისში კოზაკი და მედვედჩუკი ეჭვმიტანილები იყვნენ სახელმწიფო ღალატში და ყირიმში ეროვნული რესურსების გაძარცვის მცდელობაში. სივკოვიჩი კი უკრაინაში ეჭვმიტანილია 2013 წლის ნოემბერში ოპოზიციის კარვების ბანაკის დარბევაში, რის შედეგადაც 150 ადამიანი დაშავდა.