logo
ENG



აშშ-მ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა

03 სექ 202010:52
3 წუთის საკითხავი
clock 1800

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს ორი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების გამოცემის შესახებ განაცხადა. მან სასამართლოს ბრალი დასდო "არალეგიტიმურ მცდელობებში, ამერიკელები მათ იურისდიქციაში მოაქციონ".  

ჰააგის სასამართლო ამჟამად იძიებს, ჩაიდინა თუ არა ამერიკამ ომის დანაშაული ავღანეთში.

პრესკონფერენციაზე პომპეომ დაასახელა ჰააგის მთავარი პროკურორი ფატუ ბენსუდა და ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის იურისდიქციის განყოფილების დირექტორი, ფაკისო მოჩოჩოკო, "პროკურორ ბენსუდას მატერიალურ დახმარებასთან" დაკავშირებით. პრეზიდენტმა ტრამპმა ივნისში გამოსცა აღმასრულებელი ბრძანებულება, რომელიც აშშ-ს საშუალებას აძლევს დაბლოკოს ჰააგის სასამართლოს თანამშრომლების აქტივები და აუკრძალოს მათ ქვეყანაში შესვლა. პომპეოს თქმით, ბენსუდა და მოჩოჩოკო სწორედ ამ სანქციებს დაექვემდებარებიან. 

"ყველა იმ პირს, რომლებიც განაგრძობენ მათ მატერიალურ დახმარებას, ასევე სანქციები დაემუქრებათ", - თქვა მან. 

ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის ვიზების გაცემა შეზღუდა მათთვის, ვინც ჩართული იყო ამერიკელების წინააღმდეგ გამოძიებაში.

ეს ნაბიჯი დაგმო საერთაშორისო სასამართლოს ტრიბუნალმა, ასევე ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც დაფუძნებულია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.

აშშ ჰააგის სასამართლოს დაფუძნების დღიდან აკრიტიკებს და ერთ-ერთია იმ ათობით ქვეყანას შორის, რომელმაც რომის სტატუსს ხელი არ მოაწერა.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ასევე იძიებს 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა წინასასამართლო პალატას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის ფარგლებში ჩადენილ დანაშაულებებზე გამოძიება დაეწყოთ.


close დახურვა