აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ფინანსთა სამინისტრომ [ხაზინამ] 120-ზე მეტ ბიზნესსა და ფიზიკურ პირს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა. საუბარია 20-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ ბიზნესსა და მყოფ იურიდიულ პირზე.
ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ ის პირებიც, ვინც ხელს უწყობენ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში. სანქციების შედეგად, მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის კომპანიები.
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ოლიგარქი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია და უკრაინასთან ომის მნიშვნელოვან ფინანსურ საყრდენს წარმოადგენს.
სანქციები ასევე დაუწესდა ჩინეთის, თურქეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთელ რიგ კომპანიებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით.
სანქციებმა ასევე დააზარალა ბუდაპეშტში დაფუძნებული, მაგრამ კრემლის მიერ კონტროლირებადი "საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი". შავ სიაში მოხვდნენ ამ ფინანსური ინსტიტუტის ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები.