აშშ-მა ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს და 7 სხვა მაღალჩინოსანს 9 აგვისტოს არჩევნების გაყალბების გამო სანქციები დაუწესა.
აშშ-ის გადაწყვეტილებას ევროკავშირის, კანადისა და ბრიტანეთის ნაბიჯები უსწრებდა წინ, რომლებმაც ადამიანის უფლებების დარღვევასა და არჩევნების გაყალბებაში მხილებულ პირებს ასევე დაუწესეს სანქციები.
შინაგან საქმეთა მინისტრი იური კარაევი და მისი მოადგილე იყვნენ ყველაზე მაღალი ჩინის მქონე მოხელეები, აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირთა შორის. ისინი, უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნებთან ერთად 9 აგვისტოს მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ დარბევაში არიან დადანაშაულებულნი.
"ამერიკის შეერთებული შტატები, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დგას მტკიცედ იმ პირთა პასუხისმგებლობის დაყენების საკითხში, რომლებიც მრავალი წელია ბელარუსის დემოკრატიას უთხრიან ძირს", - თქვა ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა.
თავად პრეზიდენტი ლუკაშენკო, რომელსაც ოპოზიცია არჩევნების მოპარვაში ადანაშაულებს, ამჟამად ამერიკის სანქციებში არ მოხვდა.