logo
ENG



აშშ-მა სანქციები დაუწესა 30-მდე პირს - ხელისუფლების წევრებს, ოჯახის წევრებს, ძალოვნებს

06 ივნ 202421:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/06/nt4nqb94750rhf6.jpg

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონზე პასუხისმგებელ ან თანამონაწილე რამდენიმე ათეულ პირს სავიზო სანქციას უწესებს. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ისაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, სანქციების პირველი ტალღა შეეხება ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს.

კითხვაზე უშუალოდ რამდენ ადამიანს შეეხებოდა სავიზო შეზღუდვა, მილერმა კონკრეტული რიცხვი არ დაასახელა და თქვა, რომ დაახლოებით 30 ადამიანს. გარდა ამისა, მას კონკრეტული პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია და დასძინა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელების გაჟღერების უფლებას არ აძლევს. კონკრეტულ ვინაობას გავიგებთ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი აშშ-ში ჩასვლას ეცდება.

რაც შეეხებათ მათ, ვისაც ვიზა უკვე აქვს, მილერის თქმით, ისინი სანქციის შესახებ ინფორმაციას შეიტყობენ, რადგან შეზღუდვა ძალაში დღეს შევიდა. 

"დღეს ამ პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ვაწესებთ სავიზო შეზღუდვებს ათობით ქართველი ინდივიდის მიმართ. ეს მოიცავს ინდივიდებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელი და თანამონაწილეები, ასევე მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში ძირს უთხრიდნენ დემოკრატიას, თავისუფალი შეკრების უფლებას, გამოხატვის უფლებას, ძალადობრივად თავს ესხმოდნენ დემონსტრაციების მშვიდობიან მონაწილეებს, ზეწოლას ახდენდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას.

სავიზო მიმოსვლის ეს პირველი პაკეტი მოიცავს ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებსა და კერძო პირებს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს, რათა წინ წაიწიონ თავიანთი ქვეყნის დიდხნიანი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისაკენ. თუ ასე არ მოხდება, აშშ მზად არის, გადადგას დამატებითი ნაბიჯები", - თქვა მილერმა. 

კითხვაზე, სანქციები დაუწესდა თუ არა პარლამენტის სპიკერს, რომელმაც ხელი მოაწერა კანონს, მილერმა გაიმეორა, რომ კანონით სახელებს გაჟღერების უფლება არ აქვს. მან ასევე თავი შეიკავა ეთქვა, სანქციების რამდენი ტალღა არის მოსალოდნელი. 

"მე ვერ დაგისახელებთ სპეციფიკურ სახელებს. ვიზების ჩანაწერები კონფიდენციალურია კანონიდან გამომდინარე. მაგრამ როგორც ვთქვი, ჩვენ ისინი შევარჩიეთ იმ ადამიანებისგან, ვისი ქმედებებიც მიმართული იყო დეზინფორმაციის გავრცელებისკენ, ვისი ქმედებებიც ძირს უთხრის დემოკრატიას, ვინც ძალადობრივად ესხმოდა თავს მშვიდობიან დემონსტრანტებს და აშინებდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ჩვენს სერიოზულ ქმედებებს შორის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. აქვე ვიტყვი, რომ ის ქმედებები, რომელთაც ვამზადებთ დამატებით, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული. ჩვენ ვთქვით, რომ ძირეულ გადახედვას ვახდენთ ჩვენი ურთიერთობისა საქართველოს მთავრობასთან", - განაცხადა მიმლერმა ჟურნალისტის კითვის საპასუხოდ. 


close დახურვა