logo
ENG



აშშ-მა უკრაინის ჰუმანიტარული და ენერგეტიკული საჭიროებებისთვის $1.5 მილიარდი გამოყო

15 ივნ 202421:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/15/y56eamrtgwm8tg8.jpeg

აშშ-მა უკრაინის ჰუმანიტარული და ენერგეტიკული საჭიროებებისთვის $1.5 მილიარდი გამოყო. ამის შესახებ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა. 

ჰარისმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებული თანხიდან 824 მილიონი დოლარი ენერგეტიკის სექტორში ყველაზე გადაუდებელი გამოწვევების დასაძლევადაა გამიზნული. 379 მილიონი საკვების, წყლის, თავშესაფრის და სხვა ჰუმანიტარული სერვისების მიწოდებას მოხმარდება, ხოლო კიდევ 300 მილიონი - საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, ყველა ძალოვანი უწყების მხარდაჭერის ჩათვლით.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მის გუნდს იტალიაში გაფორმებული ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებისთვის, ასევე აშშ-ის კონგრესს, ორივე პარტიას და პალატას, კიევისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებისთვის.

"პუტინი ცდილობს გააფართოოს ომი და კიდევ უფრო სისხლიანი გახადოს. მაგრამ ამერიკასთან და ყველა პარტნიორთან ერთად ჩვენ ვიცავთ ჩვენი ხალხის სიცოცხლეს და ვხსნით ახალ შესაძლებლობებს დიპლომატიაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს სამშვიდობო სამიტის მხარდაჭერისთვის და კამალა ჰარისს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

"უკრაინას ყოველთვის სჯეროდა დიპლომატიის ძალის. ომი ჩვენი არჩევანი არ არის, ეს პუტინის არჩევანია. დღევანდელ სამშვიდობო სამიტზე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დიპლომატიური გზით დავიწყოთ მოგზაურობა ნამდვილი მშვიდობისაკენ. შეერთებული შტატების დახმარება მშვიდობის დამყარებაში მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამისთვის მადლობას გიხდით", - თქვა მან.

კამალა ჰარისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და დიქტატორებისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

"მე აქ ვარ შვეიცარიაში, რათა უკრაინისა და მთელი მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, გამოვხატო მხარდაჭერა კიევის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის", - განაცხადა კამალა ჰარისმა შეხვედრაზე.


close დახურვა