logo
ENG



აშშ-ს საელჩო: შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიაზე სიცრუის შეთხზვა

27 მაი 202019:05
3 წუთის საკითხავი
 
ry00k8q71042u3p.jpg

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე “ბორდერიზაციის” პროცესსა და აგრეთვე, ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით.

ამერიკის მხარე კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ოკუპაცია, შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა.

„იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს და აღნიშნავს საქართველოს წარმატებას კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ “ბორდერიზაციასთან” დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მართულმა უშიშროების ძალებმა უკანონოდ აღმართეს ღობეები და გააძლიერეს არსებული უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესი 12 ქართული სოფლის მიმდებარედ.

არანაკლებ შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანია, მათ შორის სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, რომელმაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები არ შეასუსტებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას: შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა