logo
ENG



აშშ-ში ერთ-ერთი მსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის დამფუძნებელს თაღლითობისთვის 25 წელი მიუსაჯეს

28 მარ 202421:36
3 წუთის საკითხავი
clock 288
2024/03/28/tjz7nku2o8r7k2i.jpg

უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის FTX-ის დამფუძნებელს სემ ბენკმან-ფრიდს აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ 25 წელი მიუსაჯა. სემ ბენკმან-ფრიდს, რომელსაც ხშირად Crypto King-ს უწოდებდნენ, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური სკანდალი უკავშირდება.

მოსამართლე ლუის კაპლანმა სასჯელის ზომა თითქმის ხუთი თვის შემდეგ დაადგინა მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა 32 წლის ბენკმან-ფრიდი დამნაშავედ ცნეს. გარდა ამისა, მას 11 მილიარდი დოლარის გადახდა დაავალეს.

მოსამართლემ განაცხადა, რომ FTX-ის დამფუძნებელმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება ვერ შეძლო:

"ბატონი ბენკმან-ფრიდი ამბობს, რომ დაშვებულ იქნა შეცდომები... მაგრამ არც ერთი სიტყვა სინანულზე საშინელი დანაშაულის ჩადენისთვის".

სასამართლომ ბანკმან-ფრიდი დამნაშავედ ცნო ელექტრონულ თაღლითობაში, თაღლითობის მიზნით შეთქმულებასა და ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულებაში. მას ბრალი ედებოდა FTX-ის მომხმარებლების თანხების მითვისებაში, რომელიც უხვად დაიხარჯა ძვირადღირებულ უძრავ ქონებაში, ინვესტიციებსა და პოლიტიკურ შემოწირულებებზე.

"რიგი არასწორი გადაწყვეტილებები მივიღე... ეს არ ყოფილა ეგოისტური გადაწყვეტილებები... ეს ცუდი გადაწყვეტილებები იყო", - განაცხადა ბანკმან-ფრიდმა პროცესზე.

პროკურორები ბრალდებულისთვის 40 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდნენ და საქმეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური დანაშაული უწოდეს. ამავე დროს, ადვოკატები ამბობდნენ, რომ 5-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა საკმარისი იქნებოდა ახალგაზრდა ადამიანისთვის აუტისტური სპექტრით, რომელსაც თანხის დიდი ნაწილის ქველმოქმედებაში დახარჯვა სურდა.

FTX-ის ბირჟა 2019 წელს დაარსდა და 2022 წლის ნოემბრისთვის 32 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. კომპანიის ღირებულება განულდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ბენკმა-ფრიდის მეორე მსხვილი ბიზნესის აქტივები ძირითადად მისივე ბირჟის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტისგან შედგებოდა.

განაჩენის თანახმად, ბიზნესმენმა FTX კლიენტებისგან დეპოზიტები სესხების სახით გადაიტანა თავის საინვესტიციო ფონდში, Alameda Research-ში, რომელიც ამ თანხებს კრედიტორებისთვის გადასახდელად იყენებდა და თავად ბიზნესმენს აძლევდა სესხებს, რომელმაც ისინი საბირჟო სპეკულაციისთვის გამოიყენა.


close დახურვა