ერთ მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შეერთებულ შტატებში. ბოლო მონაცემებით, დღის განმავლობაში კოვიდ 19-ის შედეგად 1 157 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 55 ათასს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში დაღუპულების შედარებით მცირე რაოდენობა დაფიქსირდა ნიუ-იორკის შტატში, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან, ეპიდემიის ეპიცენტრს წარმოადგენდა.
დღის განმავლობაში ნიუ-იორკში ვირუსს 367 ადამიანი ემსხვერპლა. შტატის გუბერნატორმა ყოველდღიურ ბრიფინგზე შტატის ეტაპობრივი გახსნის შესახებ ისაუბრა და ბიზნესებს შესთავაზა, თავად წარმოადგინონ დასაბუთებული გეგმა, თუ რამდენად მიზანშეწონილია მათი ბიზნესის გახსნა და რამდენად უსაფრთხოდ შეძლებენ ისინი საქმიანობის წარმართვას. ბიზნეს საქმიანობის განახლებისთვის ამერიკის შტატების უმეტესობა ემზადება.