logo
ENG



აშშ-ში მექსიკური ნარკოკარტელის ლიდერი დააკავეს

26 ივლ 202419:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/26/c5arfhvugu4nbby.jpg

ტეხასის შტატში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკობარონი ისმაილ "ელ მაილო" სამბადა დააკავეს. 76 წლის სამბადამ ხოაკინ "ელ ჩაპო" გუსმანთან ერთად სინალოას კარტელი ჩამოაყალიბა. ამჟამად გუსმანი ამერიკის ციხეში იმყოფება.

სამბადასთან ერთად დააკავეს გუსმანის შვილი, ხოაკინ გუსმან ლოპესი. როგორც ამერიკული პრესა წერს, ორივე მათგანი ტეხასის ერთ-ერთ კერძო აეროპორტში დააკავეს.

აშშ-ის გენერალური პროკურორის მერიკ გარლანდის განცხადებით, სამბადა და ლოპესი "მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ძლიერი ნარკოკარტელის ლიდერები არიან". თებერვალში აშშ-ს ხელისუფლებამ სამბადას ფენტანილის შემცველი ნივთიერების წარმოებასა და გავრცელებაში ბრალი წაუყენა.

"ფენტანილი ყველაზე მომაკვდინებელი ნარკოტიკული საფრთხეა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ოდესმე წააწყდა, და იუსტიციის სამინისტრო არ გაჩერდება, სანამ ყველა ლიდერი, წევრი და კარტელის თანამზრახველი, ჩვენი მოქალაქეების მოწამვლაში დამნაშავე, პასუხისგებაში არ მიეცემა", - თქვა გარლანდმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სამბადა მექსიკაში რამდენიმე ლეგალური საწარმოს მფლობელია, მათ შორისაა რძის ფერმა, ავტობუსის გადაზიდვებით დაკავებული კომპანია და სასტუმრო. ფენტანილის გაყიდვის ბრალდების გარდა, აშშ-ში მას ასევე ბრალი აქვს წაყენებული მკვლელობაში, გატაცებაში, ფულის გათეთრებასა და ორგანიზებულ დანაშაულში.

სამბადა ათობით წლის განმავლობაში ემალებოდა აშშ-ის ხელისუფლებას. მისი დაკავების დეტალებზე ოფიციალური პირები ინფორმაციას არ ავრცელებენ.

მექსიკისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით Wall Street Journal წერს, რომ FBI-სა და აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერაციის ფარგლებში, სინალოას ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნარკოკარტელის ლიდერს თვითმფრინავში ჩაჯდომა მოტყუებით დააძალა. გამოცემის ინფორმაციით, სამბადა ფიქრობდა, რომ მექსიკაში ფარული აეროდრომების ინსპექტირებას აპირებდა.

New York Times წერს, რომ სამბადა კერძო თვითმფრინავში "ცრუ მიზეზით" გუსმან ლოპესმა "შეიტყუა". სამბადას სჯეროდა, რომ მექსიკაში გაემგზავრებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად თვითმფრინავი ელ პასოში დაჯდა, განაცხადა Fox News-ის კორესპონდენტმა წყაროზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, გუსმან ლოპესი აშშ-ის ხელისუფლებას ჩაბარდა და სამბადას წინააღმდეგ მოქმედებდა, რადგანაც ის "მაიოს მამამისის დაკავების გამო ადანაშაულებდა".


close დახურვა