logo
ENG



აშშ-ში საქართველოს პარლამენტის წევრები ერიკა ოლსონს შეხვდნენ

10 დეკ 202113:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/10/sprohlwe6fdtwif.png

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპის და ევრაზიულ საკითხებში, ერიკა ოლსონს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან მიმართულებაზე, მათ შორის, უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის საკითხებზე ისაუბრეს.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს. მხარეებმა მშვიდობიანი კავკასიის ფორმატში საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა განიხილეს. ერიკა ოლსონი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქართველი დეპუტატების ხედვით დაინტერესდა.

პარლამენტის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე 3+3 ფორმატის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც 10 დეკემბერს მოსკოვში უნდა გაიმართოს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს განუმარტეს საქართველოს პოზიცია, თუ რატომ არის საქართველო წინააღმდეგი და რატომ არ მონაწილეობს ამ ფორმატში.

შეხვედრაზე განიხილეს რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმის შემდგომი განხორციელების საკითხი. ხაზი გაესვა პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას.

ერიკა ოლსონთან ძალიან ხანგრძლივი, ნაყოფიერი და გულღია შეხვედრა გვქონდა. ჩვენ შევძელით ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი მოსაზრებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.


close დახურვა