logo
ENG



აშშ-ში ქართული ასოციაციის ღონისძიებაზე შაჰინმა და კარდინმა დამსწრეებს წერილობით მიმართეს

12 მაი 202319:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/12/s41tesj6k5b79uj.jpg

11 მაისს აშშ-ში ქართული ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს ამერიკელი მეგობრებისა და ამერიკულ-ქართული ბიზნეს ასოციაციის პარტნიორობით ღონისძიება გაიმართა. ვაშინგტონში გამართული ღონისძიება საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილესა და აშშ-ში ქართული ასოციაციის 91 წლის იუბილეს მიეძღვნა. დამსწრეებს წერილობით მიმართეს აშშ-ის სენატორებმა - ჯინ შაჰინმა და ბენჯამინ კარდინმა.

სენატორ ბენჯამინ კარდინის თქმით, ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიისგან და სანამ ახლადმოპოვებული დამოუკიდებლობა ხანმოკლე იყო, საქართველომ 1991 წელს კიდევ ერთხელ ჩამოაგდო საბჭოთა სადავეები და სამართლიანად დაამტკიცა თავისი სუვერენიტეტი.

"1991 წლის შემდეგ აშშ-მა მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ქართველ ხალხთან. მე მივესალმები ძალისხმევას ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გლობალურ დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. როგორც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები, აშშ და საქართველო თანამშრომლობენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. როგორც ქართველი ხალხის მეგობარი ვამბობ, რომ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი დემოკრატიული რეფორმების წინსვლისთვის, სიტყვის, შეკრებისა და პრესის თავისუფლების წახალისებისთვის, ასევე თანასწორობის უზრუნველსაყოფად ყველა ქართველისთვის. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ანტიკორუფციული ინიციატივების გასაძლიერებლად და ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავების გასაგრძელებლად", - თქვა სენატორმა.

სენატორი ჯინ შაჰინი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ევროატლანტიკურ მომავალს. მისი თქმით, ის ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას NATO-ში გაწევრიანებისთვის და გააგრძელებს მთავრობის ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმები გატარდეს.

"საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში და იმედი მაქვს, რომ ჩემი და სენატორი რომნის კანონპროექტს, შავი ზღვის უსაფრთხოების აქტს, კანონად მიიღებენ და ეს მოიტანს კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ და უსაფრთხოების თანამშრომლობას რეგიონში.

ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსთვის. რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში იყო განგაშის სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის იმის შესახებ, რომ პუტინს აქვს ექსპანსიონისტური დღის წესრიგი, და ეს საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებასა და დემოკრატიას. რა თქმა უნდა, საქართველოში ეს ძალიან კარგად იციან, რადგან საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება", - აღნიშნა სენატორმა.

ჯინ შაჰინმა მადლობა გადაუხადა ქართულ ასოციაციას იმ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელსაც ისინი აკეთებენ, რათა საქართველო ამერიკელი პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში დარჩეს.

"და არა მხოლოდ საქართველო - თქვენი მოწოდება უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისკენ, რომელიც იბრძვის საკუთარი სუვერენიტეტისთვისა და დამოუკიდებლობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

პირობას ვდებ, რომ განვაგრძობ კონგრესში ძალისხმევას დავდგე საქართველოს ხალხთან ერთად, მხარი დავუჭიროთ ჩვენს საერთო ღირებულებებს და გავაძლიეროთ ინსტიტუტები, რომლებიც აუცილებელია მათი დასაცავად. და მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად საქართველოს მიღწევების აღსანიშნავად მრავალი წლის განმავლობაში", - თქვა სენატორმა.


close დახურვა