logo
ENG



აშშ: ინსტიტუტების გაძლიერების შეფერხებას, შესაძლოა, დახმარებაზე წინაპირობები მოჰყვეს

23 ივნ 202110:44
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს სენატში საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ რეზოლუცია წარადგინეს. ტექსტში სენატი გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შეფერხებას, შესაძლოა, ფინანსურ დახმარებაზე წინაპირობები მოჰყვეს. ასევე, სენატი მოუწოდებს ყველა პარტიას საქართველოში, სრულად შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება. ამასთან, ადასტურებს სენატის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

რეზოლუცია აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 22 ივნისს წარადგინეს. მისი ინიციატორები არიან სენატორი ჯინ შაჰინი, სენატორი ჯიმ რიში, სენატორი კრის ვან ჰოლენი და სენატორი ჯონ ბარასო.

რეზოლუციის თანახმად, სენატი მოუწოდებს ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობასა და პარლამენტში შესულ სხვა პარტიებს, სრულად შეასრულონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი;

ასევე, მოუწოდებს პარლამენტის არჩეულ წევრებს, დაიკავონ მათი ადგილები პარლამენტში და შეუდგნენ საპარლამენტო მუშაობას ყოველგვარი გადადების გარეშე, რამეთუ სახეზეა უამრავი გამოწვევა ქვეყნის წინაშე, მათ შორის, კოვიდპანდემიის შედეგებისა და დასუსტებული ეკონომიკის მხრივ;

სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაატარონ სისტემური რეფორმები, რომელიც შემუშავებული იქნება ინკლუზიურ და გამჭვირვალე პროცესში, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. ამით უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ისეთი, რაც არ გამოიყენება პოლიტიკური, ან პარტიული მიზნებით. ამისათვის სრულად უნდა იყოს შესრულებული ევროპული კონვენციის რეკომენდაციები, რაც საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები;

სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჩაატაროს ინკლუზიური და გამჭვირვალე, სისტემური საარჩევნო რეფორმა, რათა გადაიჭრას ყველა პოლიტიკურ ჩიხში, კრიზისში შემყვანი ყველა პრობლემა.
ამისათვის, სრულად უნდა შესრულდეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები;

სენატი აცნობიერებს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია გამწვავდა რუსეთის ძალისხმევით, დაეთესა ქაოსი მთელ ქვეყანაში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე;

სენატი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შეფერხება შეანელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების პროცესსა და ეკონომიკურ განვითარებას, ამან შეიძლება, გამოიწვიოს აშშ-ს ფინანსური დახმარების წინაპირობები. 

სენატი ხაზს უსვამს, რომ აშშ მხარს უჭერს უფრო ძლიერ დემოკრატიას, ისეთი მმართველი ინსტიტუტებით, რომელიც ერთიანობას, გამჭვირვალობას აჩვენებს და აქვს უნარი, გაუმკლავდეს რუსულ და სხვა მავნე გავლენებს, ასევე, აქვს შესაძლებლობა იმისა, მიაღწიოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.


close დახურვა