აშშ საქართველოში 7-მილიონიან საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა.
„საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში, USAID 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კიდევ ერთ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს. Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) - პროექტი გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას", - ვკითხულობთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
შეხვედრაზე ისაუბრეს Fulbright-ის პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა.
დღეს გამართული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა განათლების, კულტურის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. მხარეებმა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების საჭიროებებსა და შესაბამის გეგმებზე ისაუბრეს.