logo
ENG



აშშ უკრაინას რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს გადასცემს

07 სექ 202310:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/07/02dnucyo1siz0iw.jpg

ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქების აქტივებს პირველად გადასცემს. განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრისას გააკეთა.

საერთო ჯამში საუბარია 5,4 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩამორთმეულ სახსრებზე, რომლებიც გამიზნული იქნება უკრაინელი ვეტერანების რეინტეგრაციისა და რეაბილიტაციისთვის.

"უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებების გარდა, ჩვენ პირველად გადავცემთ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეულ აქტივებს, რომლებიც გამოყენებული იქნება უკრაინელი სამხედრო ვეტერანების მხარდასაჭერად. მათ, ვინც პუტინის აგრესიული ომი შესაძლებელი გახადა, უნდა გადაიხადონ შესაბამისი საფასური", - თქვა ბლინკენმა.

ამასთანავე, აშშ კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემების კომპონენტებს, HIMARS-ის ტიპის რაკეტებს, საბრძოლო მასალასა და სხვა საკომუნიკაციო სისტემებს გადასცემს, რომელთა საერთო ღირებულებაც 175 მილიონ დოლარს შეადგენს.

300 მილიონი დოლარი გამოყოფილია ძალოვანი სტრუქტურების ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელთაც უნდა აღადგინონ და შეინარჩუნონ კანონი და წესრიგი გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. ხოლო 206 მილიონი დოლარი უკრაინას გადაეცემა ჰუმანიტარული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად.

ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში 6 სექტემბერს ჩავიდა. როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მთლიანობაში ვაშინგტონი უკრაინის დასახმარებლად მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს.

 


close დახურვა