logo
ENG



აშშ უკრაინას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ხარჯებისთვის 1 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს

15 ივნ 202221:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/15/yktodbbvp40oabe.jpg

აშშ უკრაინას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ხარჯებისთვის 1 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს. 

ამ საკითხზე ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ელაპარაკა. 

"მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მტკიცე პოზიცია, რომ აშშ დგას უკრაინის გვერდით, ვინაიდან ის იცავს თავის დემოკრატიას, და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის პირისპირ. 

მე ვოლოდიმირ ზელენსკის ვუთხარი, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების მიმართულებით კიდევ 1 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს, რაც, მათ შორის, მოიცავს დამატებით საარტილერიო და სანაპირო თავდაცვის იარაღს,  ასევე, საბრძოლო მასალას საარტილერიო და მოწინავე სარაკეტო სისტემებისთვის, რათა უკრაინელებმა გააგრძელონ თავდაცვითი ოპერაციები დონბასში. 

ჩვენ ასევე განვიხილეთ თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ბრიუსელში გაწეული ძალისხმევა, რომელიც უკრაინისთვის შეიარაღებული ძალების დამატებითი საერთაშორისო მხარდაჭერის კოორდინაციისკენ იყო მიმართული". - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში. 

რაც შეეხება ჰუმანიტარულ ხარჯებს, ამისთვის აშშ 225 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს, რაც "სუფთა სასმელი წყლის, კრიტიკული სამედიცინო მარაგების, წამლების, საკვების, თავშესაფრისთვის იქნება განკუთვნილი". 

$1 მილიარდიან დახმარებაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საბრძოლო მოქმედებები 100 დღეზე მეტია, გრძელდება. აგრესორი ქვეყანა თავდაპირველად უკრაინის მრავალ ქალაქს ერთდროულად უტევდა, თუმცა, რუსებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ახლა ბრძოლები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. 

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა უკრაინას მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. შეწყდა ვაჭრობა და ფრენები. ქვეყანა დატოვა ასობით დასავლურმა ბრენდმა. 

ომის შედეგად ლტოლვილად იქცა 12 მილიონზე მეტი უკრაინელი მოქალაქე. დაიღუპა ასეულობით ადამიანი, მათ შორის, 287 ბავშვი.  


close დახურვა