logo
ENG



აწსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

01 დეკ 202411:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/01/j7pmxp9ag7a3tnn.jpg

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების იმპერატივსა და ხალხის უზენაეს ნებას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრულია ჩვენი წინაპრების ღვაწლით.

განცადებაში ხაზგასმულია, რომ საუნივერსიტეტო და აკადემიური საზოგადოება ვალდებულია, ქვეყნისა და ახალგაზრდობის მომავლის სადარაჯოზე იდგეს. პროფესორ-მასწავლებლები კოლეგებს მოუწოდებენ, დადგნენ სიმართლის მხარეს.

"ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, მივიჩნევთ, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების იმპერატივს და ხალხის უზენაეს ნებას, რომელიც განსაზღვრულია ჩვენი წინაპრების ღვაწლით, ნათლადაა გამოხატული საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მკაფიოდაა გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში.

შესაბამისად, ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვგმობთ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღშფოთებით ვადევნებთ თვალს უკანასკნელ დღეებში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ უსასტიკეს ძალადობას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც მომიტინგეთა მხრიდან ვერანაირი ძალადობის საბაბი ვერ გაამართლებს და რომელიც სამარცხვინო ჩირქს სცხებს ქართულ საზოგადოებას.

მივიჩნევთ რა, რომ საუნივერსიტეტო და აკადემიური საზოგადოება ვალდებულია, იდგეს ქვეყნისა და ჩვენი ახალგაზრდობის მომავლის სადარაჯოზე, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, დადგნენ სიმართლის მხარეს", - ვკითუხლობთ განცხადებაში.

ამ დროისთვის განცხადებას 214 ადამიანი აწერს ხელს.


close დახურვა