კერძო ინტერესების გამო შეცვლილი სარწყავი სისტემის პროექტი და გლეხები, რომლებიც მოსავლის გარეშე რჩებიან - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობა ამტკიცებს, რომ არხის მშენებლობა არასწორად მიმდინარეობს და ნაკვეთების 90% წყლის გარეშე რჩება. ამ ყველაფრის მიზეზი კი, მათივე მტკიცებით, ახალციხის მერის პირადი ინტერესებია.
სარწყავი სისტემის პროექტის შეცვლას ახალციხის სოფელ აწყურში მცხოვრები ადამიანები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მერიასა და მოსახლეობას შორის შეთანხმების მიხედვით, სისტემას ის გზა უნდა გაევლო, რაც ჯერ კიდევ 60-იან წლებში იყო და მოიშალა. ახლა კი, მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, მერიამ პროექტი შეცვალა და სისტემა კილომეტრზე მეტით დაამოკლა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ძველი პროექტით 15 ჰექტრამდე მიწა მოირწყვებოდა. ახლა კი მხოლოდ ხუთამდე ოჯახი ისარგებლებს. სარწყავი წყლის პროექტის შეცვლას ისინი ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის პირად ინტერესებს უკავშირებენ.
ადგილობრივების თქმით, სარწყავი წყლის გარდა, სოფელში შიდა გზების პრობლემაც დგას, რადგან სანიაღვრე მილების არარსებობა, ყოველი წვიმის შემდეგ გზაზე გადაადგილებას შეუძლებელს ხდის.
რატომ შეიცვალა სარწყავი წყლის პროექტი, რა თანხა იხარჯება და რა პირადი ინტერესები აქვს მერს პროექტთან დაკავშირებით - ამ კითხვებზე ფორმულამ პასუხი ვერ მიიღო. ახალციხის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერი რეგიონში არ იყო და კომენტარს ვერ გააკეთებდა. სარწყავი წყლის სისტემასთან დაკავშირებით სასაუბროდ დრო ვერც მერიის სხვა წარმომადგენლებმა გამონახეს.