"ქართული ოცნების" უმრავლესობით დაკომპლექტებულმა ახალმა მრჩეველთა საბჭომ მეოთხე მცდელობაზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია. აღსანიშნავია, რომ კოხრეიძის დანიშვნაში ჟურნალისტების ნაწილი სარედაქციო საფრთხეს ხედავს.
თანამშრომლების მსგავსად სარედაქციო პოლიტიკის მოსალოდნელ პრობლემებზე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია საუბრობენ. დირექტორის არჩევას წინ უძღოდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს საგანგებო განცხადება იმის შესახებ, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია. მედია წრეებში აქამდეც არსებობდა ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდამჭერითაა დამტკიცებული, მთავრობის მიერ მართულ დირექტორს აირჩევდა. გიორგი კოხრეიძე "ქართული ოცნების" ღია ფავორიტად სახელდება.
დღევანდელი არჩევნები აქციის ფონზე მიმდიანარეობდა. მოძრაობის „სირცხვილიას" წევრები და „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები აჭარის რადიოს შენობასთან ბორდის წევრებს ღირსეული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებდნენ. კოხრეიძის არჩევის შემდეგ კი, აქციის მონაწილეებმა შენობასთან სამგლოვიარო ყვავილები მიიტანეს.
18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს" დირექტორის შესარჩევი კონკურსი გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე ამ დრომდე შეჩერებული იყო. გოგა კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ „აჭარის ტელევიზიის" არჩეული დირექტორი თვითონ იყო.