logo
ENG



აჭარის ტელევიზიას მედიამენეჯერები ტოვებენ

25 ნოე 201921:35
3 წუთის საკითხავი
 
vf1tvrynipj870l.jpg

გიორგი კოხრეიძის დანიშვნას მარინა ვაშაყმაძისა და ზვიად ქორიძის ტელევიზიიდან წასვლა მოჰყვა. მაღალი კვალიფიკაციისა და სანდოობის მედიაექსპერტები მაუწყებლის ხელმძღვანელობას განვითარების კონცეფციის შექმნაში კონსულტაციას უწევდნენ.

აჭარის ტელევიზიაში ახალი დირექტორის პირველ სამუშაო დღეს ზვიად ქორიძემ თანამდებობა დატოვა. მაუწყებლის კონსულტანტმა გიორგი კოხრეიძეს წერილობით მიმართა და მედიასთან  დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვა. ზვიად ქორიძე ერთი წლის განმავლობაში აჭარის მაუწყებელში ტელევიზიის მართვის მოდელზე, სტრუქტურასა და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე მუშაობდა. ქორიძის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია თანამშრომელთა ნაწილს. 

აჭარის ტელევიზიაში დაკავებული თანამდებობა დატოვა მარინა ვაშაყმაძემაც. მედიამენეჯერი 2018 წლის მარტიდან ტელევიზიის დირექტორის კონსულტანტად მუშაობდა. თანამშრომლები ყოფილი კოლეგის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობენ. მრჩეველთა საბჭოში კი ფიქრობენ, რომ საკადრო ცვლილებები კომპანიაში ვნებათაღელვას არ გამოიწვევს.

გამოცდილი კადრების მიერ თანამდებობის დატოვებას ოპოზიცია ახალი დირექტორის მიერ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის რისკებს უკავშირებენ. 

გიორგი კოხრეიძეს დღეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა, თუმცა მიმდინარე მოვლენებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. კოხრეიძე მაუწყებლის თანამშრომლებს შეხვდა. მათი თქმით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ამ ეტაპზე რეორგანიზაციაზე საუბარი არ ყოფილა.

 


close დახურვა