ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ მომავალ სასწავლო წელს სწავლება შერეული მოდელით დაიწყოს და ძალაში ონლაინსწავლებაც დარჩეს.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, შესაბამისი რეკომენდაციები სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, იმის საფუძველი, რომ ჩვენ სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკებზე ვიფიქროთ, არ არსებობს, თუმცა, მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო. რეკომენდაციები დასრულდება ამ დღეებში და გამოქვეყნდება სკოლებთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ სწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას ითვალისწინებს. ამდენად, ამ ორი მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება. ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ონლაინ კლასები, არის გარკვეული უნარ-ჩვევა, რომლის განვითარებაც ონლაინ სწავლებით შესაძლებელი არ არის და ამას სჭირდება საკლასო პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ სადაც შესაძლებელია ონლაინ მეთოდის გამოყენება, უნდა იქნეს ეს გამოყენებული, ეს არის ზოგადი რეკომენდაცია“, - განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1010 ფაქტი დადასტურდა, აქედან მკურნალობას 100-ზე მეტი ადამიანი აგრძელებს. ვირუსს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პანდემიის გამოცხადების შემდეგ ქართული სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.