თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. თავის სიტყვაში პროცესზე ბაჩო ახალაიამ სუს-ის შენობაში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟზე ისაუბრა.
ახალაიას თქმით, სუს-ში მას ცოლის დაჭერით ემუქრებოდნენ, თუ ის მისი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა. ახალაიას თქმით, მან ამაზე უარი განაცხადა.
"რატომ უნდა დაიხუროს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ჯერ არც დაწყებულა? რა უნდა იყოს მიზანი? თუ აქ ადამიანები არ მოვიდნენ და გაიგონ, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, რა მტკიცებულებები არსებობს ან მე რა არგუმენტები მაქვს ამის შესახებ... ბევრი რაღაც მაკვირვებს, მაგრამ ეს ძალიან მაკვირვებს.
მოვისმინე, მაგრამ ადამიანური ლოგიკა ვერ მოვისმინე, ლოგიკას ვერც გაძევებაში (მისი ცოლი გაუშვეს სხდომიდან) ვხედავ, ბრალდებულია, მოწმეა...
სისხლის სამართლის საქმეს როცა ვიხილავთ, ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს, ყველამ ნახოს, ვინ რა დააშავა, ვის წინააღმდეგ რა მტკიცებულებებია. უცნაურობა ეტყობა ამ ყველაფერს, მათ შორის დახურვას. ჩემი აზრით, იმ პროცესის ნაწილია, რაც მიმდინარეობს. რატომ ითხოვენ ახლა დახურვას? რატომ? მიზეზი რა არის? ის,რომ არავინ მოვიდეს და ჩემი მეუღლეც არ დაესწროს ამ სხდომას? მითუმეტეს ციხეში გაშვება-არგაშვების საკითხია - აქ რა არის დასახური? ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხი ეხება ჩემს მეუღლეს. რამდენიმე საათია მას შემდეგ გასული, ადამიანზე, რომელიც ჩემთან ერთად დააკავეს და ჯერ ვერ გაერკვა, მოწმეა თუ ბრალდებული. სუს-ის შენობაში მკაფიოდ მითხრეს, ან ახლა შენს ცოლს დავიჭერთ ან სხვა დაკავებულებს, ყველას: მანჯგალაძეს, ბურჭულაძეს...ამხელთ. ყველას ამხელთ ძალადობაში. რასაც ვყვები, ეხება დახურვას. თქვენ თუ პროცესს დახურავთ, როცა მეუბნებიან, რომ თქვენს ცოლს დავიჭერთ, 13 წლის ბავშვს დაგიტოვებთ ობლად, თქვენ ფიქრობთ, რომ ნიუანსის საქმე უნდა დაიხუროთ? 15 წუთი გაქვთ, ის მაინც თქვი,რომ შენ არ მონაწილეობდი და დავიჭერთ შენს ცოლს... ამაზე გასაგები პასუხი გავეცი. ქალბატონო მაია, უნდა გესმოდეთ, რას ხურავთ, თქვენ გინდათ, დახუროთ ის საქმე, სადაც მემუქრებიან ცოლის დაჭერით და შვილის ობლად დატოვებით, თუ არ ვიტყვი ჩემს მეგობრებზე, რასაც მეუბნებიან იმას... აბა დაფიქრდი ბატონო შენი შვილი დარჩება ობლად 10 წლის მანძილზე, ეს არის ტერორისტი, ვინც ამას აკეთებს, მძევლად აიყვანა ჩემი ცოლშვილი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ მაიძულებენ ჩვენებას... აფლავიდან ამოვთხრი...იმის დახურვა უნდათ, იმ სახელებისა და გვარების, ვინც მე ეს შემომითვალა და მე უარი შევუთვალე"- თქვა ახალაიამ.
ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავეს. ქართული ოცნების პროკურატურის ცნობით, მას 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან.
