logo
ENG



ახალაიას ბრალდება წარედგინა, მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან

26 დეკ 202521:13
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/26/r609u14sowhb2u2.png

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინეს. ქართული ოცნების პროკურატურის ცნობით, მას 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მუხლი 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მტკიცებით, ახალაიამ, ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს. კერძოდ, მათი მხრიდან ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების გაკეთების და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის პროცესს.

"პროკურატურა დაკავებული ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს"- ნათქვამია განცხადებაში.

ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გია გოროზიამ სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ გამომძიებელმა საქმის დეტალების გახმაურების აკრძალვაზე ხელმოწერა სთხოვა, რაზეც უფლებადამცველმა უარი თქვა. მისი თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერით მას ახალაიას დაცვის უფლება ეზღუდებოდა.

გოროზიას თქმით, ბაჩო ახალაია მიიჩნევს, რომ ბრალი აბსურდულია და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"მე როგორც ადვოკატს ხელწერილი ჩამოერთვა გამომძიებლისგან გახმაურების აკრძალვაზე. გრიფი არ დაედო, მაგრამ საქმის მასალების გახმაურების აკრძალვაზე ხელი მომაწერინეს. ამაზე მე შევიტანე შენიშვნა, რომ მეზღუდება დაცვის უფლება და არ დავეთანხმე ბრალდების ამ ხელწერილს. საქმის მასალების გახმაურებაზე აკრძალვის ხელწერილზე მომთხოვეს ხელის მოწერა. მე არ მოვაწერე ხელი, ვინაიდან ამით მეზღუდებოდა დაცვის უფლება... ბრალის დადგენილებას ვიცნობ, ბრალში წერია ის, რომ მას ედავება ბრალდება, რომ ის მეგობრობს და იცნობს პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას. ეკრძალება მათთან მეგობრობა. ამას არ აღიარებს ბაჩო, რომ მეგობრობა არ არის დანაშაული. ბრალის ფორმულირებაში მე რაიმეკონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კონკრეტული პირის ბრალეულობას, მსგავსი ინფორმაცია არ მოიპოვება. ბაჩოს პოზიცია გახლავთის, რომ ბრალდება არის ძალაინ აბსურდული, შესაბამისად წარდგენილ ბრალდებას ის არ ეთანხმება"- თქვა ადვოკატმა.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავეს.

 


close დახურვა