ახალგორის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს კვლავ მძიმე ვითარებაში უწევთ ცხოვრება. ადგილობრივების თქმით, ადგილზე კვლავ ხშირია მოქალაქეების გატაცების ფაქტები. ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ. უფლებადამცველები გავლენიან სტრუქტურებს სთხოვენ გამოიყენონ ყველა შესაძლო ზომა ადგილობრივების დასაცავად, მათ შორის მოითხოვენ გააძლიერონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეთანხმებიან ოპოზიცაში. სადაც აცხადებენ, რომ ხელისუფლება დანაშაულებრივად პასიურობს. „ქართული ოცნება“ მესამე სექტორის კრიტიკას თავდასხმით პასუხობს, აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და არასამთავრობოებს ვექტორის შეცვლას ურჩევენ.
სამოქალაქო სექტორის ადრესატები - ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც ადამიანის უფლებების თემაზე მუშაობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნია, რომ ის ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს, საკმარისი არ არის ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის აღმოსაფხვრელად.