logo
ENG



ახალი გადაცემები ფორმულას წინასაარჩევნო ეთერში, ინფორმირებული არჩევანისთვის

20 სექ 202016:07
3 წუთის საკითხავი
 
akho2r2hia7atit.jpg

წინასაარჩევნოდ ტელეკომპანია ფორმულას საეთერო ბადე შეიცვლება და ახალი გადაცემებით განახლდება.

21 სექტემბრიდან ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5-საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, ეთერში გავა ახალი გადაცემა "ვის ირჩევს საქართველო", რომელსაც ელისო ჯარიაშვილი გაუძღვება.

გადაცემა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს შეეხება. ფორმულა ყოველ გადაცემაში სხვადასხვა ოლქს, კანდიდატებს, პროგრამულ ხედვას გაგაცნობთ, იქნება დებატები და ჩართვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ფორმულა მაყურებელს მოსახლეობის აზრს,  პრობლემებს, მათთვის პრიორიტეტულ საკითხებს გააცნობს

გადაცემა ყოველდღე 17:45 საათიდან გავა ეთერში.

ოქტომბრიდან კი ფორმულა ეთერს არჩევნებში მონაწილე პარტიებსაც დაუთმობს. 22:00 საათიდან მაყურებელი მათი პროგრამისა და გუნდის შესახებ დეტალურად შეიტყობს და პარტიების ლიდერებისგან მოისმენს პასუხებს არსებულ კითხვებზე. გადაცემაში მონაწილეობას როგორც ფორმულას, ისე სხვა მედიების წარმომადგენლებიც მიიღებენ.

არჩევნებამდე ტელეკომპანია ფორმულა მაყურებელს კიდევ ერთხელ შესთავაზებს Edison Research-ის მიერ ჩატარებულ 2 კვლევას, რომელიც ამომრჩევლის განწყობას გვაჩვენებს.

არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს, 20:00 საათზე კი, მას შემდეგ, რაც უბნები დაიხურება, მაყურებელი ფორმულას დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს გაეცნობა.

რაც შეეხება ტოკ-შოუებს:

გადაცემა კომენტარი ეთერში საღამოს ნაცვლად დღისით, 12-საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გავა.

მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საინფორმაციო გამოშვება, ასევე, გიორგი თარგამაძის ფორმულა, სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა, პოლიტმეტრი და დროება.

"ფორმულა მაყურებელს წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი ტიპის ინფორმაცია მიაწოდოს, რომელიც მას ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს". - ამბობს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ლაფერაშვილი.

"ამ არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად საქართველოს ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს თუ უბრალოდ საარჩევნო აზარტით შეპრყობილ ადამიანს უმძაფრდება ინტერესი არა მხოლოდ არჩევნების რიცხვების, არამედ იმ შედეგების მიმართ, რომელიც პირდაპირ გავლენას მოახდენს ჩვენსა და ჩვენი ოჯახის მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

თითქოს ქართული მედია მაქსიმალურად პლურალისტურია და თითქოს სხვადასხვა სატელევიზიო არხების თუ ციფრული რესურსების მეშვეობით შეგვიძლია ბევრი ინფორმაციის მიღება, მაგრამ ეს ბევრი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში უფრო მეტად ქაოსთან ასოცირდება, ვიდრე სტრუქტურირებულ, გადამოწმებულ პოზიციებთან.

ამ მხრივ ფორმულამ გადაწყვიტა, კიდევ უფრო მეტი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მიუდგეს საარჩევნო კამპანიის გაშუქებას და ტელემაყურებელს და ჩვენი ციფრული კონტენტის მომხმარებელ საკმაოდ მრავალრიცხოვან საზოგადოებას ვთავაზობთ, სპეციალური საარჩევნო ფორმატის გადაცემებს" - აცხადებს ფორმულას დირექტორის მოადგილე, გიორგი თარგამაძე.


close დახურვა