logo
ENG



ახალი დეტალები ჯონ ბოლტონის მემუარებიდან

18 ივნ 202020:19
3 წუთის საკითხავი
 

ჯონ ბოლტონის მემუარებიდან ახალი დეტალები ცნობილი ხდება. დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი თავის ახალ წიგნში წერს, რომ პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის შეჭრის მეათე წლისთავთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა, რადგან რუსეთი იყო გაკრიტიკებული.

პრეზიდენტის ყოფილი  მრჩევლის მემუარებიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპს სკრიპალების მოწამვლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც არ მოსწონდა და მიიჩნევდა, რომ პუტინის მიმართ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებები ზედმეტად მკაცრი იყო. ჯონ ბოლტონის მემუარები გაყიდვაში 23 ივნისს გამოდის. თეთრი სახლი კი მის დაბლოკვას ცდილობს. ამ მიზნით ადმინისტრაციამ სასამართლოში სარჩელიც შეიტანა. მოტივად კი ის დაასახელა, რომ მემუარებში ბევრია ისეთი ინფორმაცია, რომელთა გასაჯაროება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია.

ოთახი, სადაც ეს მოხდა - ასე ეწოდება ჯონ ბოლტონის წიგნს, რომელშიც ყოფილი მრჩეველი თეთრი სახლის არაერთ კულვარულ ისტორიას ყვება და პრეზიდენტის პირადი საუბრების შინაარსსაც იხსენებს. ბოლტონი წერს, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებს ძირითადად  საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით გამარჯვების სურვილი განსაზღვრავდა და სწორედ ამ მიზნით ჩინეთს დახმარებაც კი სთხოვა. ადმინისტრაცია ყოფილ მრჩეველს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და სასამართლოს გზით ცდილობს წიგნის გაყიდვაში გამოსვლა დაბლოკოს.

ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ, რომ თეთრი სახლის მცდელობები სავარაუდოდ წარუმატებელი იქნება, ამ შემთხვევაში ჯონ ბოლტონის სკანდალური მემუარები წიგნების მაღაზიებში დაგეგმილ დროს  23 ივნისს გამოჩნდება.


close დახურვა