logo
ENG



ახალი მიტროპოლიტის თქმით, პატრიარქს მეუფე პეტრეს გადაყენება 3 წლის წინაც სურდა

02 ნოე 201919:25
3 წუთის საკითხავი
 
j9fhaozxq9gjonp.png

პეტრე ცაავა პატრიარქის განკარგულების შესრულებასა და შიომღვიმეში მოსანანიებლად წასვლას არ აპირებს. მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ მას ჭყონდიდის ერთ-ერთ მონასტერში დარჩენაზე უარი უთხრა, ყოფილი მღვდელმთავარი ამბობს, რომ დედაქალაქში წავა და საკუთარ ადგილს თავად იპოვის. 

პეტრე ცაავამ დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სინოდი უსამართლო გადაწყვეტილებაში. მისთვის, ეპარქიის მმართველობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება უკანონოა. 

ახალი ჭყონდიდელი მიტროპოლოტი გრიგოლი კი ადასტურებს, რომ მეუფე პეტრე ცაავას გადაყენება პატრიარქს ჯერ კიდევ სამი წლის წინ სურდა. ეკლესიის მეთაურისთვის მიუღებელი ის საჯარო, თამამი და კრიტიკული განცხადებები აღმოჩნდა რომელსაც ჭყონდიდელი მეუფე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების დღიდან აკეთებდა. ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია ამბობს, რომ ეპარქიიდან პეტრე ცაავას გაშვება პატრიარქს მაშინ სინოდის წევრებმა გადააფიქრებინეს.

ჭყონდიდის ახალი მიტრიპოლიტი, ეპარქიის ცენტრალურ ტაძარში დღეს ღვთისმსახურებას პირველად დაესწრო. აქ მოღვაწე სასულიერო პირების ნაწილი მზად არის საქმიანობა ახალ მღვდელმთავართან ერთად გააგრძელოს, ნაწილი კი ჯერაც ფიქრობს.

რაც შეეხება უკვე ყოფილ მღვდელმთავარს, იგი ნივთებს ალაგებს. ახალი მიტროპოლიტი გრიგოლი კი ხვალინდელი საკვირაო წირვისთვის ემზადება, რომელსაც თავად გაუძღვება. ხვალიდან დაიწყებს ეპარქიაში მუშაობას სპეციალური კომისიაც, რომელიც მმართველობის გადასაბარებლად ინვენტარიზაციას ჩაატარებს. 


close დახურვა